ფუტსალის ლიგა | XI ტურის წინ!

ყველა სიახლე
26 თებერვალი 2019

ფუტსალის ლიგა | XI ტურის წინ!

წრიული ეტაპის დასრულებასთან ერთად, ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის სატურნირო ცხრილში მთავარ ინტრიგად, კვლავ ოთხეულისთის ბრძოლა რჩება. პირველ მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართება და  შესაძლოა ბევრ კითხვას გაეცეს კიდეც პასუხი.

17:00 საათი / თსუ VS ბსუ

მეოთხე ტურში გამართული „სტუდენტური დერბი“ თსუ-ს დამაჯერებელი გამარჯვებით 8-2 დასრულდა. მიუხედავად პირველივე წუთებზე მოპოვებული უპირატესობისა მატჩს დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით თორნიკე ქართველიშვილი, დუბლით კი გიორგი ჩიმაკიძე გამოირჩა. პარასკევის შეხვედრაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თორნიკე ბროლაძე სამი ყვითელი ბარათის გამო ვერ დაეხმარება.

19:00 საათი / ივერია 2017 VS თელასი

მიმდინარე ჩემპიონატში  გუნდებს შორის ეს პირველი დაპირისპირება იქნება. ფავორიტი, რა თქმა უნდა, გათამაშების ლიდერი თელასია. ივერია 2017-სთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, რათა პლეი-ოფისთვის ბრძოლას აზრი არ დაეკარგოს. თელასს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის პერიოდის გავლის შემდეგ გიორგი სოზაშვილი დაუბრუნდება და მეტოქეს სრული შემადგენლობით შეხვდება.

21:00 საათი / თბილისი VS მართვე (ქუთაისი)

ქუთაისის მართვე მეორე წრის შეხვედრებში მიუხედავად შედეგებისა საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ჩემპიონტის ლიდერ გუნდებს. თბილისთან მისი პირველი დაპირისპირება რვა დეკემბერს შედგა და 4:1 დასრულდა. „იმერელთა“ რიგებიდან ორი ბურთის ავტორი ლაშა გელოვანი გახდა. ორივე გუნდი მატჩს დანაკლისის გარეშე ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია - მასპინძლები, გამარჯვების შემტხვევაში კვლავ შეინარჩუნებენ პლეი-ოფში მოხვედრის თეორიულ შანსს, რაც შეეხება "ქუთათურებს", ისინი წარმატების შემთხვევაში ოთხეულში მოსახვედრად უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.

სათამაშო დღის ბოლო შეხვედრის პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს სილკ HD 1-ზე, ტურის სხვა შეხვედრების კი sbm.ge-ზე შეეძლება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!



  © SBM, 2016-2024