ფუტსალის ლიგა | თელასმა TMC თბილისთან რევანში აიღო!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2019

ფუტსალის ლიგა | თელასმა TMC თბილისთან რევანში აიღო!

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგის 2018-19 წ.წ. სეზონის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრას უმასპინძლა. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში თელასმა TMC თბილისს 5:3 მოუგო. „ენერგეტიკოსები“ მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი შოთა თოფურიამ და ზურაბ ლუკავამ გაიფორმეს. ორი გოლის გატანა მოახერხა „მედიკოსების“ ფეხბურთელმა გიორგი ტიკურიშვილმაც. ამ შედეგით თელასმა 24 ქულით ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე ძაბირაძე, TMC თბილისის მთავარი მწვრთნელი: „თელასი ძლიერი გუნდია, თავიდანვე ვამბობდი, რომ რთული მატჩი გველოდა. რამდენიმე დღის წინ გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ, მაგრამ დღეს სულ სხვა თამაში იყო.  პირველ ტაიმში გაშვებულმა ორმა გოლმა დიდი გავლენა იქონია შედეგზე. TMC თბილისს შედარებით ნაკლები მოტივაცია ჰქონდა და გარდა ამისა ძირითადის მეკარე, თორნიკე ბუკია გვაკლდა. მას მუხლზე ოპერაცია სჭირდება და ზუსტად არ ვიცით რამდენ ხანში დაგვიბრუნდება. რეაბილიტაციის დროის ხანგრძილივობაზეა ეს დამოკიდებული. მთელმა თამაშმა რამდენიმე ფეხბურთელზე გადაიარა, რამაც ფიზიკურად დაღალა გუნდი. მინდა თელასს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო და წარმატებები ვუსურვო.“

ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს აშკარად დაეტყო თორნიკე ბუკიას არყოფნა. ეს კომპონენტი ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენეთ. წინა მატჩის შემდეგ გუნდში პატარ-პატარა გადანაცვლებები მოხდა. როდესაც ორი თანაბარი გუნდი თამაშობს, საბოლოო შედეგის ბედს დეტალები წყვეტს. დღეს ეს დეტალები ჩვენ უკეთესად გამოვიყენეთ. თელასს სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდა და ამ მიზნით გამოვიდა გუნდი. ფსიქოლოგიური უპირატესობა TMC თბილისს ჰქონდა - წინა შეხვედრაში მათ გაიმარჯვეს. ბიჭებს ავუხსენი, რომ თუ არ ვიბრძოლებდით წინა თამაშის შედეგს გავიმეორებდით. ორივე გუნდს ჩემგან კომპლიმენტები ეკუთვნის. რაც თამაშის წინ ვთქვი, შევასრულეთ კიდეც და მაყურებელს სანხაობრივი მატჩი შევთავაზეთ.“

ფუტსალის ლიგის X ტური 22 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თელასისა და თბილისის დაპირისპირებით დაიწყება.



  © SBM, 2016-2024