ფუტსალის ლიგა 2 | ჩემპიონატი საუნივერსიტეტო დერბით განახლდა!
ყველა სიახლეზამთრის შესვენების შემდეგ ფუტსალის ლიგა 2 მეხუთე ტურის შეხვედრებით განახლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს თსუ 2 და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაუპირისპირდა. მატჩი თსუ-ს გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გიორგი ლუკავას სადებიუტო გოლს მეორე ტაიმში გარი წერეთელმა უპასუხა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი გადამწყვეტი გოლი თორნიკე კვიტატიანმა გაიტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ბექა მურღულია, კსუ:„სამწუხაროდ, მცირე სხვაობით წავაგეთ. ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში ცოტა იღბალი დაგვაკლდა. საკმაოდ დაძაბული მატჩი იყო. ბოლო წუთებზე გავუშვით გადამწყვეტი გოლი. ჯერ ყველაფერი წინაა და ვიბრძოლებთ მინიმუმ ოთხეულში გასვლისთვის. მოწინააღმდეგე გუნდმა არაჩვეულებრივი თამაში გვაჩვენა, მადლობას ვუხდი მათ და წარმატებებს ვუსრვებ.“
გიორგი ლუკავა, თსუ 2: „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგე გუნდს. დღეს ჩემი დებიუტი შედგა თსუ-ში და ვფიქრობ, რომ კარგი მატჩი მქონდა. გუნდის გამარჯვებაში წვლილი გოლით შევიტანე. მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულეთ და სამი ქულაც მოვიპოვეთ. სამომავლოდ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის.“
ტურის პირველ შეხვედრაში ილიაუნის მეტოქე არ გამოცხადდა და თელავთან ტექნიკური მოგება 5:0 ჩაეთვალა.
პირველი წრის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს პსპ და საქართველოს უნივერსიტეტი შეხვდება. მატჩი 10 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
დღეს ასევე შედგება ფუტსალის ლიგის მერვე ტურის შეხვედრები. თსუ თბილისს დაუპირისპირდება, თელასი კი TMC თბილისს.