შოთა თოფურია: "უფრო მაღალ დონეზე გადავდივართ!"

ყველა სიახლე
02 თებერვალი 2019

შოთა თოფურია:
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 'დ' ჯგუფის სამივე შეხვედრა დამაჯერებელად მოუგო გერმანიის, ისრაელისა და  დანიის გუნდებს,  9 ქულა დააგროვა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა. ჯგუფის პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა გერმანია 5:1 დაამარცხა, ისრაელს 7:0, ხოლო დანიას 6:2 მოუგო, მეტოქეებსსულ ჯამში 18 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში  კი მხოლოდ სამი ბურთი მიიღო.
საინტერესო გამოდგა ჯგუფის დასკვნითი შეხვედის დაძაბული და სახიფათო მომენტებით სავსე პირველი ტაიმი, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან რვა წუთში დანიის კარში გოლი რონინიომ გაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მოპოვებული უპირატესობის შემდეგ გუნდმა მარტივად მოახერხა სხვაობის ექვსამდე გაზრდა. ერთ წუთიან ინტერვალში შოთა თოფურიამ და სიმი საიოტიმ ორი გოლის გატანა მოახერხეს. ვახტანგ კეკელიამ კი სადებიუტო გოლთან ერთად დუბლიც გაიფორმა. მატჩის დასრულებამდე დანიელებმა მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს, რაც მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
 
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
 
ნიკოლოზ კურტანიძე, ეროვნული ნაკრების წევრი: „მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი თამაში არაფერს წყვეტდა, ბიჭები მაინც მომზადებული გამოვედით. ძალიან ბევრი ვიბროძოლეთ სასურველი შედეგის მისაღწევად, რაც ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასვლას გულისხმობდა. დღევანდელ შეხვედრაში პირველი ტაიმი შედარებით უინტერესო იყო, თუმცა მეორე ნახევარში მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და უბურთოდ მეტი ვიმუშავეთ. მეტოქე დავღალეთ, რამაც შედეგი გამოიღო. პირადად ჩემს ასპარეზობას რაც შეეხება, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან უკეთ შემიძლია თამაში. მიხარია, რომ გუნდს გამოვადექი და გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე.“
 
ვახტანგ კეკელია, ეროვნული ნაკრების წევრი: „მოედანზე მობილიზებულები გამოვედით, თუმცა პირველივე ტაიმში ვერ მოვახერხეთ უპირატესობის მოპოვება. საბოლოოდ მაინც მივაღწიეთ შედეგს და გავიმარჯვეთ. ჯამში საკმაოდ წარმატებული ტური გამოვიდა. მაქსიმალური ქულა ავიღეთ. მომდევნო ეტაპებზე შევეცდებით, რომ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ლეგიონერებს რაც შეეხება, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. პროფესიონალები არიან და ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ. მიხარია, რომ სადებიუტო გოლი გავიტანე და დუბლიც შევასრულე, თუმცა მთავარი ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასვლაა.“
 
შოთა თოფურია, ეროვნული ნაკრების წევრი: „რა თქმა უნდა, ჯგუფიდან ცხრა ქულით გასვლის სურვილი ტურნირის დაწყებამდე გვქონდა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. გერმანია და დანიაც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ, ისრაელთან თამაში მათთან შედარებით გაგვიმარტივდა. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, უფრო მაღალ დონეზე გადავდივართ. ესპანეთი მსოფლიო ფუტსალში პირველ ნომრად ითვლება  და ძალიან უხერხული მეტოქეა. პოლონეთი მასპინძელი ქვეყანაა, მაგრამ ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ შეცდომები და ღირსეულად ვითამაშოთ. მესამე მეტოქის ვინაობა სულ ცოტა ხანში გაირკვევა. ნაკრებში გატანილი ყოველი გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ჯგუფურ ეტაპზე ჩემი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, რადგან გავიმარჯვეთ ყველა შეხვედრაში და ამაში წვლილი მეც შევიტანე.“
 
დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში ესპანეთის, პოლონეთისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპს პოლონეთი უმასპინძლებს და მატჩები მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს გაიმართება.
 
ფოტო - gff.ge


  © SBM, 2016-2024