საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა და ჯგუფში პირველობა ნაადრევად გაიფორმა!

ყველა სიახლე
31 იანვარი 2019

საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა და ჯგუფში პირველობა ნაადრევად გაიფორმა!

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიოს შესარჩევის მეორე შეხვედრაში ისრაელს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშის სხვაობით 7:0 სძლია. მატჩის მეხუთე წუთზე ქართველები თალესმა დააწინაურა. მალევე  შოთა თოფურიამ უპირატესობა გაზარდა და ანაგარიში 2:0 გახდა. დარჩენილ დროში ქართველებმა კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხეს და პირველ ნახევარში მეტოქეს დამაჯერებლი ანგარიშით 5:0 ძლიეს. სცენარი მეორე ტაიმშიც უცვლელი დარჩა. უპასუხო გოლების რაოდენობა გია ნიყვაშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა გაზარდეს. სამი გოლი თალესის ანგარიშზეა. ამ შედეგით ავთანდილ ასათიანის გუნდმა ცხრილში პირველობა გაინაღდა.

ავთანდილ ასათიანი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში, ამ გამარჯვებას ყველას ვულოცავ. მადლობა გულშემატკივარს და ფეხბურთელებს. ჩვენი მიზანი ორ თამაშში ექვსი ქულის მოპოვება იყო და ეს დავალება ბიჭებმა კარგად შეასრულეს. კარგია, რომ შემდეგი ეტაპის საგზური უკვე გავინაღდეთ. შემდეგ თამაშში გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა ფეხბურთელებს მივცეთ შანსი, დავტესტოთ ის ტაქტიკები, რაც შეიძლება მომავალში გამოგვადგეს. სახლში თამაში არ გვაძლებს იმის უფლებას, რომ უმოტივაციოდ გავიდეთ. ნაკრების თამაშის ხარისხი ევროპის შესარჩევთან შედარებით გაზრდილია. ეს ყველაფერი ტაბლოზე დაფიქსირებულ ანგარიშზეც ჩანს. ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ლეგიონერები, რომლებიც საკმაოდ კარგად შეეწყვნენ გუნდს. მათი ადაპტაციის პროცესში დიდი როლი ითამაშეს ქართველმა ფეხბურთელებმა. ყველანაირად შეუწყვეს ხელი და ისე მოერგნენ ნაკრებს, თითქოს დიდი ხანია რაც აქ თამაშობენ.“

ირაკლი თოდუა, ეროვნული ნაკრების წევრი: „დღევანდელი თამაში ანგარიშიდან გამომდინარე შეიძლება იოლად მოგეჩვენოთ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ მატჩამდე და შედეგიც ამით იყო განპირობებული. ორივე მოწინააღმდეგე გვყავდა „გაშიფრული“, მწვრთნელებმა დიდი სამუშაო გასწიეს და მოგვაწოდეს ის ინფორმაცია, რაც დღეს და გუშინაც გამოგვადგა. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი ვაჩვენეთ. პარალელურ შეხვედრაშიც ისე დალაგდა ყველაფერი, რომ ორი ტურის შემდეგ გავინაღდეთ პირველი ადგილი. მთავარი მიზანი შესრულებულია, თუმცა ჩვენთვის დანიასთან გასამართი მატჩიც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი მაყურებლის წინაშე ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლო თამაშიც მოვიგოთ.“

ვახტანგ კეკელია, ეროვნული ნაკრების წევრი:„პირველ რიგში, მინდა გუნდს პირველი ადგილის ნაადრევად განაღდება მივულოცო. დანიასთან დარჩენილი შეხვედრა შეიძლება ტესტ მატჩად ჩავთვალოთ, რადგან ახალ ტაქტიკებს გამოვცდით. დღეს ჩემი დებიუტი შედგა ნაკრებში, გუნდს კარგად შევეწყვე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.“

‘დ’ ჯგუფის სხვა შეხვედრაში ერთმანეთს გერმანია და დანია დაუპირისპირდნენ. მატჩი გერმანელთა უპირატესობით 5:2 დასრულდა.

შესარჩევი ეტაპის ჯგუფური შეხვედრები შაბათს, 2 თებერვალს, საქართველო-დანიის დაპირისპირებით დასრულდება. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში  20:30 საათზე გაიმართება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!



  © SBM, 2016-2024