მატჩის დღე | საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების პირველი მეტოქე გერმანიაა!
ყველა სიახლე30 იანვარი 2019
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ შეხვედრას გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ დღეს, 30 იანვარს ჩაატარებს.
ამ ეტაპისთვის ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 14 ფეხბურთელით ემზადებოდა მომავალი მატჩებისთვის, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა.
ავთანდილ ასათიანი, ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:" ჯგუფი საკმაოდ ძლიერია, ასე რომ ყველანაირად მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. არავინ არ ფიქრობს, რომ ადვილი გასეირნება იქნება, სამივე თამაში იქნება ფინალის ტოლფასი, იმიტომ რომ საკუთარ კედლებში მხოლოდ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. მაყურებლის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რაც შარშან იყო იგივე რომ გავიმეოროთ ძალიან დიდი სტიმული იქნება ჩვენთვის და მხარდაჭერა ფეხბურთელებს მხოლოდ გააძლიერებს."
ზვიად კუპატაძე, ნაკრების მეკარე: " ნაკრები შევიკრიბეთ და სრულფასოვანი შემადგენლობით 28 დეკემბერს ვივარჯიშეთ, რაც შეეხება ტრავმებს მე მაქვს მიკრო ტრავმა, თუმცა აუცილებლად ვითამაშებს და ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება მეტოქეებს ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი დონის ნაკრები გვყავს და თუ ვითამაშებთ საუკეთესო ფუტსალს დამაჯერებლად დავამარცხებთ და ესეც იქნება დარწმუნებული ვარ."
ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 'დ' ჯგუფში გერმანიის, დანიისა და ისრაელის ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 იანვარს 20:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაზე დასწრება გულშემატკივარს უფასოდ შეუძლია.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)
მცველები: თალესი (ეკონომაცი, სერბეთი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელარუსი)
თავდამსხმელები: ვახტანგ ჯვარაშვილი (კრემლინ-ბისეტრე იუნაიტედი, საფრანგეთი), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ფუმასა (პატო, ბრაზილია), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი)
ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 'დ' ჯგუფში გერმანიის, დანიისა და ისრაელის ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 იანვარს 20:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაზე დასწრება გულშემატკივარს უფასოდ შეუძლია.
შესარჩევი რაუნდის 'დ' ჯგუფის სრული განრიგი
30 იანვარი
დანია 17:30 ისრაელი
საქართველო 20:30 გერმანია
31 იანვარი
გერმანია 17:30 დანია
საქართველო 20:30 ისრაელი
2 თებერვალი
ისრაელი 17:30 გერმანია
დანია 20:30 საქართველო
ფოტო - gff.ge