ფუტსალის ლიგა | ჩემპიონი დამაჯერებელია, ბსუ-მ და მართვემ ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
28 დეკემბერი 2018

ფუტსალის ლიგა | ჩემპიონი დამაჯერებელია, ბსუ-მ და მართვემ ქულები გაიყვეს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის პირველი წრის ბოლო, VII ტურის მატჩები მიმდინარეობს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდა და დაძაბული მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა. თამაშის  განმავლობაში მართვემ ორჯერ მოახერხა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე ანგარიშის გათანაბრება ნიკოლოზ მოისწრაფიშვილმა შეძლო.

Sbm.ge გთავაზაობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკოლოზ მოისწრაფიშვილი, ბსუ: „საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. გვინდოდა სამი ქულის მოპოვება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში არასახარბიელო პოზიციაზე ვიმყოფებით, მაინც განვაგრძნობთ ბრძოლას და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ.“

რატი გოგიძე, მართვე: „ძალიან რთული თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში ვლიდერობდით, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა. 5 მოთამაშით გადმოვიდა შეტევაზე, რამაც შედეგი გამოიღო და თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგე გუნდს და წარმატებებს ვუსურვებ.“

ტურის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს თსუ და TMC თბილისი დაუპირისპირდნენ. მატჩი „მედიკოსების“ გამარჯვებით 7:1 დასრულდა. დუბლით თავი ვახტანგ ჯავარაშვილმა და გიორგი სილაგავამ გამოიჩინეს.

ამ წუთებში ერთმანეთს კოლხი-გულრიფში და თბილისი ეთამაშებიან. ჩემპიონატის პირველი წრე VII ტურის ცენტრალური შეხვედრით დასრულდება, სადაც დინამო სოხუმი თელასს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024