ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში წლის ბოლო სათამაშო დღე გაიმართა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის კალენდარული დღე გლდანისა და ტვ იმედის დაპირისპირებით დასრულდა. სუპერლიგის მეოთხე ტურის მატჩში გლდანმა მეტოქეს 4:3 სძლია. სწორედ ეს შეხვედრა იყო მიმდინარე წლის ბოლო მატჩი და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2019 წელს გაგრძელდება.
სუპერლიგის სხვა შეხვედრებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირველი ქულები საქართველოს ფოსტასთან დაკარგა. დაძაბული და საინტერესო მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდა. პსპ-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაპირისპირება „ფარმაცევტების“ უპირატესობით 4:1 დასრულდა.
დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა ვერცხლის ლიგის IV ტურის შეხვედრები. სფფ-სა და კროკობეთის დაპირისპირებაში კროკობეთმა ანგარიშით 8:6 იმარჯვა. ამ შედეგით გუნდმა წლის ბოლოს სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიცია შეინარჩუნა. ევროპაბეთსა და ლიბერთი ბანკს შორის გამართული შეხვედრა კი „ბანკირების“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე ევროპაბეთს მიმდინარე წელს წაგება არ ჰქონია. აჭარაბეთმა ენერგო-პრო ჯორჯია გაშვებული გოლის გარეშე 4:0 დაამარცხა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
დავით კაკუბერი, ტვ იმედი: „მიუხედავად შედეგისა საკმაოდ კარგი განწყობა გვაქვს. დაძაბული თამაში გამოვიდა. ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ. სამწუხაროდ ფორტუნა მოწინააღმდეგის მხარეს იყო, რამაც ჩვენი მარცხი გამოიწვია.“
შოთა უშარაული, გლდანი: „ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ორი წაგების შემდეგ შევძელით სამი ქულის მოპოვება. თავიდან ვერ მოვახერხეთ საჭირო დოზით მობილიზება, მაგრამ მეორე ტაიმში გარდატეხა შევიტანეთ თამაშში და ანგარიში მთლიანად შემოვაბრუნეთ. ჩვენს გუნდს ამ ეტაპზე ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა.“