სამი ტურის შემდეგ სფფ უდანაკარგოა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წწ სეზონის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს მასპინძლობს. სუპერლიგის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა სფფ-სა და პსპ-ს შორის გაიმართა. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. უხერხული მეტოქე სფფ-მ 7:5 დაამარცხა. "ფარმაცევტების" მხრიდან ჰეთრიკით თავი ნიკოლოზ კოპლატაძემ გამოიჩინა. სფფ-ს მოთამაშეებიდან სამი გოლით ზურაბ ხიზანიშვილი, დუბლით კი ლევან ჩიხრაძე გამოირჩა.
აღნიშნული ლიგის სხვა შეხვედრებში ერთმანეთს ნატახტარი და გლდანი დაუპირისპირდნენ. მატჩში ნატახტარმა მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გელა ჯინჭარაშვილია.
ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფოსტას შორის შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა 0:0. ქულები გაიყვეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და ტვ იმედმა 1:1.
sbm.ge გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს:
ირაკლი ბურჭულაძე, პსპ: "ჩვენი მეტოქე ბევრად ძლიერი გუნდია, თუმცა დღეს დანაკლისით თამაშობდა. ჩვენ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. მოწინააღმდეგემაც გამოიყენა ისინი და ამიტომაც წავაგეთ. დაფიქსირებული შედეგი ჩვენი ბრალია, მეტოქეს არ მოუგია. საბოლოო ჯამში მადლობა მოწინააღმდეგეს, საინტერესო თამაში იყო და წარმატებებს ვუსურვებ."
ზურაბ ხიზანიშვილი, სფფ: " შარშანდელი სეზონიდანაც მახსოვს პსპ და ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ უხერხული მეტოქე აღმოვჩნდით მათთვის. დღეს სამწუხაროდ გვაკლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე და ჩვენი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ. ამ გამარჯვებით გავიმყარეთ პოზიცია მიმდინარე გათამაშების ცხრილში."
ოქროს ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში პატრული RS-ს დაუპირისპირდა, მატჩი 4:2 „ძალოვნების“ გამარჯვებით დასრულდა.