კორპორატიულ ლიგებში ლიდერები უცვლელია

ყველა სიახლე
06 თებერვალი 2017

კორპორატიულ ლიგებში ლიდერები უცვლელია

5 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. კალენდარული ტურის შეხვედრები კოპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

დღე ვერცხლის ლიგის VII ტურის შეხვედრებით დაიწყო. პირველები პარკეტზე გათამაშების აუტსაიდერები, დომინოს პიცისა და აჭარა ჯგუფის გუნდები გავიდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ აჭარა ჯგუფის გამარჯვებით დასრულდა 5-4. მომდევნო შეხვედრაშიც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი კიდევ ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს, მინამ კუბიკის დამარცხება შეძლო 6-3. მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა საქრუსენერგო, რომელმაც ავერსთან დათმო 2-10. „ფარმაცევტებმა“ ამ მოგებით კიდევ უფრო განიმტკიცეს ადგილი ხუთეულში. საკმაოდ დაძაბული გამოდგა შემოსავლების სამსახურისა და ელიტა ბურჯის გუნდების დაპირისპირება, რომელშიც უფრო მეტად „ფინანსისტებს“ გაუმართლათ და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერეს აქტივში - 3-0. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა კიდევ ერთმა ფავორიტმა, ევროპაბეთმა, რომელმაც ბანკ რესპუბლიკას სძლია. ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი გათამაშების ორ ლიდერს, ბაქსვუდსა და საქართველოს ბანკს შორის გაიმართა. შეხვედრა სავსე ტრიბუნების ფონზე წარიმართა და საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საბოლოოდ „ბანკირებმა“ პირველი მარცხი აგემეს მეტოქეს 3-2 და სატურნირო ცხრილშიც ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

05.02.2017. ვერცხლის ლიგა. VII ტური

დომინოს პიცა - აჭარა ჯგუფი 4-5

მინა - კუბიკი 6-3

საქრუსენერგო - ავერსი 2-10

RS - ელიტა ბურჯი 3-0

ევროპაბეთი - ბანკი რესპუბლიკა 3-0

ბაქსვუდი - საქართველოს ბანკი 2-3

 

ბომბარდირები: დიმიტრი ანდღულაძე (საქრუსენერგო) – 13, ზურაბ ჯინჭარაძე (ავერსი), გიორგი ხაჩოშვილი (დომინო’ს)– 11, გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი), გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი), ნიკა გვაზავა (ავერსი), თორნიკე ბახტაძე (მინა)  – 10

მეექვსე ტურის მატჩები გამართეს ოქროს ლიგის გუნდებმა.

სათამაშო დღის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა, თბილისის მერია დაამარცხა 12-6. დიდი ანგარიშით იმარჯვა თავდაცვის სამინისტროს გუნდმა არმიამ, რომელმაც Menu.ge-ს სძლია 10-1. „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გამარჯვებით დასრულდა ტურის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება, რომელშიც მათ ნატახტარის დამარცხება მოახერხეს 4-0. ორი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა GWP-ის ლიდერი გიორგი აფციაური. სატურნირო ცხრილში ლიდერობას არ თმობს მოქმედი ჩემპიონი, საპატრულო პოლიციის გუნდი. წინა ტურში ერთ წლიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტის შემდეგ, „ძალოვნებმა“ ამჯერად უშუალო კონკურენტს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს სძლიეს 4-1. ზედიზედ მეორე ნულოვანი ფრე ითამაშა ვითიბი ბანკმა. ამჯერად მათი მეტოქე, გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი საქართველოს ფოსტის გუნდი იყო. დაძაბული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0-0.

05.02.2017. ოქროს ლიგა. VI ტური

თბილისის მერია - სფფ -2  6-12

ნატახტარი - GWP 0-4

TTC - პატრული 1-4

Menu.ge - არმია  1-10

საქ. ფოსტა - ვითიბი ბანკი 0-0

 

ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 9, დავით სირაძე, ლევან კობიაშვილი (სფფ-2), თემურ ვაჩანძე (ფოსტა), ხვიჩა ყალიჩავა (არმია) – 8, გიორგი მოდებაძე (სფფ-2) - 7

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024