ფუტსალის ლიგა 2-ს პირველი ტური სანახაობრივი მატჩით დასრულდა!

ყველა სიახლე
18 ნოემბერი 2018

ფუტსალის ლიგა 2-ს პირველი ტური სანახაობრივი მატჩით დასრულდა!

თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს პირველი ტური „სტუდენტური დერბით“ დასრულდა.პირველი ტურისა და  სათამაშო  დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ილიაუნი და თსუ 2 დაუპირისპირდა. დაძაბული საინტერესო და სანახაობრივი მატჩი თსუ-ს გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. თსუ-ს რიგებიდან გოლები დავით დარჩიამ და თემურ ჯაფარიძემ გაიტანეს, ანგარიშის სხვაობის შემცირება კი გიორგი ახლანძემ შეძლო. 

გამარჯვებით დაიწყო სეზონი საქართველოს  უნივერსიტეტმა, UG-მ თელავი 4:2 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს.

გიორგი ღავთაძე, თსუ: "ძალიან რთული თამაში გამოვიდა, სეზონის პირველი თამაში იყო და  ასე თუ ისე  დაძაბულობა ახლდა. ჩვენი გუნდის  მთავარი მისია  სწორი ფუტსალის თამაშია და რა თქმა უნდა მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. დღევანდელ შეხვედრაში ბევრი ნაკლი გვქონდა, ლიდერები არ ვყოფილვართ მატჩში, თუმცა  გამოვიყენეთ  მეტოქის შეცდომები, უფრო მეტად მოვინდომეთ და  მივაღწიეთ სასურველ შედეგს."

ომარ ასაშვილი,ილიაუნი: "დაძაბული თამაში იყო, ძალიან ბევრი მომენტები გვქონდა, თუმცა გოლად გარდასახვა ვერ შევძელით.საკუთარი თამაშითაც უკმაყოფილო ვარ, რადგან პირველი თამაში  იყო, შესაბამისად სტრესი და დაძაბულობა ახლდა, ეს  ყველაფერი კი შედეგზეც აისახა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, თუმცა  ვთვლი, რომ ჩვენი გუნდისთვის ყველაზე  ძლიერი მოწინააღმდეგე  ალბათ  პსპ-ს  გუნდი იქნება, რომელსაც  დიდი  გამოცდილება  აქვს."

ფუტსალი ლიგა 2-ს პირველი შეხვედრა 11 ნოემბერს პსპ-სა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაიმართა.დაძაბული და სანახაობრივი მატჩი „ფარმაცევტების“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ფუტსალის ლიგა 2 ქართული ფუტსალის ისტორიაში პირველად იმართება. ფუტსალის ლიგა 2 რანგით მეორე ლიგაა. პირველ წელს გათამაშებაში 6 გუნდი იასპარეზებს. ორ წრის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში განაგრძობს თამაშს, სადაც ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის შედეგად გაირკვევა. ლიგის გამარჯვებულის და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელს ერთ მატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. ფულადი საბონუსე სისტემა იმოქმედებს ასევე ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდებისთვისაც.

 



  © SBM, 2016-2024