ლიგის სადებიუტო მატჩში თსუ-მ სამი ქულა მოიპოვა!

ყველა სიახლე
09 ნოემბერი 2018

ლიგის სადებიუტო მატჩში თსუ-მ სამი ქულა მოიპოვა!

ფუტსალის  ლიგის   2018/19 წლების  სეზონმა  სტარტი თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში     აიღო.  გათამაშების პირველ დღეს ფუტსალის ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გუნდმა და  მიმდინარე  სეზონის სტარტზე სადებიუტო გამარჯვება  მოიპოვა.  „უნივერსიტეტელებმა“  თბილისი დამაჯერებელი  ანგარიშის სხვაობით 5:1 დაამარცხა, თსუ-ს რიგებიდან დუბლით შაკო კაპანაძე  გამოირჩა „დედაქალაქელთა“  გუნდიდან  კი ერთადერთი გატანილი გოლის  ავტორი ნუკრი წოწკოლაურია.  

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარებს

გიორგი ცხვედიანი, თბილისი: „ახლად  შექმნილი  გუნდი ვართ,  ჯერ  კიდევ არ ვართ  კარგად  შეთამაშებულები, პირველი ტაიმი კარგად  ვითამაშეთ იყო შეცდომები თუმცა გაცილებით უფრო თანაბარი ბრძოლა იყო. მეორე  ნახევარში უკვე საკუთარ  კარში  მიღებულმა  ორმა  სწრაფმა გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა. მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ჩვენ  მოვემზადებით  და  შევეცდებით   ვაჩვენოთ  ქულათა  მაქსიმუმი“

დავით ბობოხიძე, თსუ: „რამდენიმე  წელია  საფუძველს ვყრით  ამ  გუნდში, პირველ რიგში  სტუდენტური ეტაპები გავიარეთ, სტუდენტურ ევროპის  ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ, შემდეგ  უკვე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე რამაც დიდი გამოცდილება შეგვძინა.  ხელმძღვანელობამ  ჩათვალა  რომ  მზად  ვიყავით  უმაღლეს  ლიგაზეც  გვეასპარეზა და მიგვეცა  ასაპარეზი ახალგაზრდა  მოთამაშეებისთვის. ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან, რომელებიც  საკუთარ სათქმელს  იტყვიან. ყოველთვის  გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ჩვენ ყოველი შემდეგი თამაშისთვის  მოსაგებად  ვიბრძოლებთ.“

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ახალ სეზონზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც.

 



  © SBM, 2016-2024