მიხეილ გიორგაძე:"ფუტსალის მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს!"
ყველა სიახლე6 ნოემბერს, სასტუმრო „სტამბაში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ს 2018/19 წ.წ სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.
ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე გათამაშება, სტარტს 9 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს.
წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ახალ სეზონზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც.
წლევანდელი სეზონის ფარგლებში, პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, რანგით მეორე ლიგა - ფუტსალის ლიგა 2-ს გათამაშება აღებს სტარტს. სადებიუტო ლიგაში პირველ წელს 6 გუნდი იასპარეზებს. ორ წრის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში განაგრძობს თამაშს, სადაც ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის შედეგად გაირკვევა. ლიგის გამარჯვებულის და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელს ერთ მატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. ფულადი საბონუსე სისტემა იმოქმედებს ასევე ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდებისთვისაც.პირველი ტურის შეხვედრები 11 და 18 ნოემბერს გაიმართება.
წილისყრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ესწრებოდნენ. წილისყრაში მონაწილეობა კი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და TMC თბილისის კაპიტანმა ვახტანგ ჯვარაშვილმა მიიღეს. დამსწრე საზოგადაობას კი სიტყვით სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და სპორტული სააგენტო SBM დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მიმართეს.
მიხეილ გიორგაძე, სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე: „ფუტსალის მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს,როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე, საინტერესოდ და დაძაბულად მიმიდინარეობს რამდენიმე წელია ეროვნული ჩემპიონატი, წლევანდელი გათამაშებიდან კი უკვე მეორე ლიგა დაემატა ფუტსალის ჩემპიონატს რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გაზრდის მასობრიობას და ჩართულობას სპორტის ამ სახეობაში ჩვენი ახალგაზრდობის.მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და მის პარტნიორ სპორტულ სააგენტოს SBM-ს,რომლებიც ნამდვილად ზრუნავენ ფუტსალის განვითარებაზე ქვეყანაში და სამინისტროს სახელით მინდა სული მხარადაჭერა აღვუთქვა მათ ამ მნიშვნელოვან საქმეში.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის პარტნიორი კვლავ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი.