ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ სეზონი სტარტს 9 ნოემბერს აიღებს!

ყველა სიახლე
06 ნოემბერი 2018

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ სეზონი სტარტს 9 ნოემბერს აიღებს!

6 ნოემბერს, სასტუმრო „სტამბაში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ს 2018/19 წ.წ სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა. 

ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე გათამაშება, სტარტს 9 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ახალ სეზონზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც.

წლევანდელი სეზონის ფარგლებში, პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, რანგით მეორე ლიგა -  ფუტსალის ლიგა 2-ს გათამაშება აღებს სტარტს. სადებიუტო ლიგაში პირველ წელს 6 გუნდი იასპარეზებს. ორ წრის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში განაგრძობს თამაშს, სადაც ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის შედეგად გაირკვევა. ლიგის გამარჯვებულის და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელს ერთ მატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. ფულადი საბონუსე სისტემა იმოქმედებს ასევე ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდებისთვისაც. პირველი ტურის შეხვედრები 11 და 18 ნოემბერს გაიმართება.

2018-2019 წლის სეზონის კიდევ ერთი სიახლე, ფუტსალის ლიგის თასს უკავშირდება. გაზაფხულიდან,  ფუტსალის  ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის  გუნდები ლიგის  თასის  გათამაშებაში  ჩაერთვებიან. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

დღევანდელ წილისყრას ფეხბურთის  ფედერაციის  პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი,საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის მინისტრის  პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ესწრებოდნენ. წილისყრაში მონაწილეობა კი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების  მწვრთნელმა  ავთანდილ ასათიანმა და TMC თბილისის კაპიტანმა  ვახტანგ  ჯვარაშვილმა მიიღეს.  დამსწრე  საზოგადაობას  კი სიტყვით  სფფ-ს  გენერალურმა  მდივანმა  დავით  მუჯირმა  და  სპორტული სააგენტო SBM დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მიმართეს. 

ტრადიცულად გაგრძელდება სატელევიზიო პროექტი, რომელიც ფუტსალის ლიგის გაშუქებას უკავშირდება -  სფფ-ს, სპორტული სააგენტო SBM-ს და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, ყოველკვირეული სატელევიზიო მიმოხილვის გარდა, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ პარასკევს, ტურის ცენტრალური შეხვედრა, „სილკის“ პირდაპირ ეთერში იხილოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის პარტნიორი კვლავ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება  აღნიშნული ჩემპიონატი.

ფუტსალის ლიგის  პირველი ტურის  წყვილები ასე გამოიყურება: 

9 ნოემბერი  I ტური / თბილისის ოლიმპიური სასახლე

თბილისი VS თსუ

კოლხი-გულრიფში VS მართვე 

დინამო (სოხუმი) VS ბსუ (ბათუმი)

TMC თბილისისა და  სტუ თელასის შეხვედრა  მოგვიანებით გაიმართება. 

ლიგა 2-ს  პირველი ტურის განრიგი კი შემდეგნაირია: 

11 ნოემბერი  I ტური /თბილისის ოლიმპიური სასახლე

კსუ VS პსპ 

18 ნოემბერი  I ტური /თბილისის ოლიმპიური სასახლე

UG  VS თელავი

ილიაუნი VS თსუ

 

 

 

 

 



  © SBM, 2016-2024