ზაალ ჩიტალაძე: "ათი წლის თავზე რაღაც უნდა შეგვეცვალა!"
ყველა სიახლე31 ოქტომბერს, „ვინერია“-ში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2018-2019 წლების სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.
რიგით მეთერთმეტე სეზონი სტარტს 4 ნოემბერს აიღებს. ჩემპიონატი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფუტსალის სამოყვარულო ლიგის გათამაშება, რომლის გარდაც წლევანდელი სეზონი ოთხ კორპორატიულ - სუპერლიგას, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგას გააერთიანებს. გაზაფხულზე დაიწყება ლიგის თასის გათამაშება და საკვალიფიკაციო ლიგა, დებიუტანტი გუნდებისთვის. ჩემპიონატის თამაშებს ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
Sbm.ge გუნდის კაპიტნებს გაესაუბრა
სანდრო ხუციშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „გამომდინარე იქიდან, რომ დიპლომატ ჯორჯია დიდი კომპანია და აქტიურად ერთვება სოციალურ ღონისძიებებში, ეს ტურნირიც ჩვენთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურნირს წარმოადგენდა გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი თანამშრომელი გვყავს, გადავწყვიტეთ შეგვერჩია კარგი მოთამაშეები, დაინტერესებული ფეხბურთით. ჩვენი მაქსიმუმი აღნიშნულ ტურნირზე ყველა თამაშის მოგებაა. მოხაული ვარ, რომ ჩვენი კომპანია იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ტურნირში და იმედი მაქვს, რომ წარმატებული სტარტი გვექნება პირველივე სეზონში.“
ირაკლი ქარჩავა, პატრული: „ახალ სეზონს ძალიან დიდი სიხარულით და მოტივაციით ველოდებით. ჩვენი გუნდის პირველი თამაში უფრო რევანშისაა, რადგან ვეთამაშებით ბაქსვუდს, რომელთანაც წავაგეთ გასულ სეზონში.ყველაფერს გავაკეთებთ,რომ სეზონი მოგებით დავიწყოთ. ყველაზე მთავარი კი ჩვენი გუნდისთვის ტიტულის შენარჩუნებაა.“
დავით მეკოკიშვილი, RS: “ეს სეზონი ჩვენი გუნდისთვის გამოწვევაა. გადავედით რანგით უფრო მაღალ ლიგაში ოქროს ლიგაში,სადაც ძალიან მაღალი დონის გუნდები არიან, ძლიერები, თუმცა არც ჩვენ ვართ სუსტები. ვეცდებით, რომ მინიმუმ ოქროს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ, მაგრამ ჩვენი გუნდის უდიდესი მიზანი ოქროს ლიგის ჩემპიონობაა.“
ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM დირექტორი: “დიდი სიხარულით და მოლოდინით ველოდებით მეთერთმეტე სეზონის დაწყებას. ათი წლის თავზე რაღაც უნდა შეგვეცვალა, საჭირო იყო ფორმატის გადახალისება. შესაბამისად ამ ფორმატის ცვლილება მოგვცემს უფრო მეტ ინტერესს მონაწილეთა მხრიდან და ცვლილებები მოიტანს უფრო მეტ დაძაბულ თამაშს, უფრო მეტ საინტერესო მატჩებს და თანაბარ მეტოქეებს.“
4 ნოემბერს პირველი ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ, 11 ნოემბერს კი ჩემპიონატში სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის მონაწილეები ჩაერთვებიან. 11 ნოემბერს აიღებს სტარტს ფუტსალის სამოყვარული ლიგის სადებიუტო გათამაშებაც, რომლის წილსიყრაც, მომდევნო კვირას ფუტსალის ლიგის წილისყრასთან ერთად გაიმართება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ახალ სეზონს, კიდევ ერთი სიახლით ხვდება. ესპანური სპორტული ბრენდი JOMA და ესპანური La Liga, საქართველოში ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელთან ერთად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წ.წ სეზონის მონაწილეებს სპეციალურ და განსაკუთრებულ წინადადებას სთავაზობს.
ჩემპიონატის მონაწილე, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ითამაშებს ჯომას სპორტული ფეხსაცმლით და განურჩევლად ლიგისა გაიტანს ყველაზე მეტ გოლს, საჩუქრად მიიღებს ორ ბილეთს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2019/20 წ.წ სეზონის ერთ-ერთ მატჩზე. პრიზი ითვალისწინებს თამაშზე დასასწრებ ორ ბილეთს და ორ ავიაბილეთს.