საქართველოს ჩემპიონის სადებიუტო ევროასპარეზი!

ყველა სიახლე
15 ოქტომბერი 2018

საქართველოს ჩემპიონის სადებიუტო ევროასპარეზი!

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017-18 წლების  ჩემპიონი „მფკ ტატიშვილი“  უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგას მეინ რაუნდიდან  გამოეთიშა.

 „მედიკოსებმა” სადებიუტო ევროტურნირზე „TMC თბილისის“ სახელით იასპარეზეს. ალექსანდრე ძაბირაძის შეგირდებმა, მოლდოვაში გამართული საკვალფიკაციო ეტაპი, სადაც მათი მეტოქეები შვეიცარიიის ჩემპიონი და მასპინძელი კიშინოვის „დინამო“ იყვნენ, წარმატებით დაძლიეს.

 მეინ რაუნდში „მედიკოსებმა“ VI ჯგუფში ყაზახურ „აქტობესთან“, ფინეთის „კამპუკსენ დინამოსთან“ და ხორვატულ „ნოვო ვრიემესთან“ ერთად იასპარეზეს. ჯგუფის თამაშებს ხორვატიის  ქალაქ  მაკარასკამ უმასპინძლა.

პირველი ტურში საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონს "აქტობეს" დაუპირისპირდა და 2:6 დამარცხდა. ქართველთა მხრიდან გოლები ვახტანგ კეკელიამ და გიორგი ქურდაძემ გაიტანეს.

ლიგის მეინ რაუნდის 6 ჯგუფის, მეორე ტურის შეხვედრა, "ტატიშვილმა" ჯგუფის ფავორიტის, მასპინძელ "ნოვო ვრიემეს" წინააღმდეგ გამართა და უმძიმეს ბრძოლაში 2:4 დამარცხდა. "მედიკოსთა" რიგებიდან თავი კვლავ გიორგი ქურდაძემ და ვახტანგ კეკელიამ გამოიჩინეს.

 "ტატიშვილმა" უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. დასკვნით შეხვედრაში ფინურ "კამპუკსენ დინამოს" დაუპირისპირდა და 5:1 გაანადგურა. გოლები თემურ ექიზაშვილის (2), ვახტანგ კეკელიას, გიორგი ქურდაძის და ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა.

ამ მოგებით საქართველოს ჩემპიონმა ჯგუფში III ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მე-6 ჯგუფის ელიტ რაუნდის ერთადერთ საგზურს, მისი მფლობელი ხორვატული "ნოვი ვრიემე” გახდა.

 

სადებიუტო ევროტურნირებზე ასპარეზობის შეფასება Sbm.ge-მ გუნდის მთავარ მწვრთნელს და ფეხბურთელებს სთხოვა:

ალექსანდრე ძაბირაძე, ტატიშვილის მთავარი მწვრთნელი: „გუნდის გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე დადებითად შევაფასებდი. პირველი ევროტურნირი იყო ეს გუნდისთვის და მაქსიმალურად შევეცადეთ წარმატებით გამოვსულიყავით.

 მთავარი ამოცანა პირველი ეტაპის დაძლევა იყო,  რაც გუნდმა შეძლო და ვფიქრობ ეს დიდი წარმატებაა.

მეინ რაუნდში ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ვცდილობდით ღირსეულად გამოვსულიყავით და მაქსიმალური ქულები მოგვეპოვებინა. ჩვენმა გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო, რაც მოგვეხმარება განვითარებაში. წარმატებისთვის  ყველაზე მთავარი ძლიერი ჩემპიონატი და დაძაბული თამაშებია. ველოდებით ჩემპიონატის დაწყებას და გვინდა რომ წარმატებით გამოვიდეთ ახალ სეზონზეც.

ვახტანგ კეკელია, ტატიშვილის კაპიტანი : “პირველივე თამაში ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია, ყაზახური "აქტობე" ცნობილი გუნდია. პირველივე წუთებში ორი გოლი გავუშვით, რაც პირველ რიგში, გამოცდილების ნაკლებობამ გამოიწვია. ისეთ მეტოქესთან, როგორიც "აქტობეა", ასე დაწყებული თამაშის შემოტრიალება ძალიან ძნელი იყო და საბოლოოდ, წავაგეთ კიდეც.  მეორე თამაში მასპინძელ გუნდთან "ნოვიე ვრიემესთან" გვქონდა. თამაში ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, რადგან დავწინაურდით, მაგრამ ტაიმის მიწურულს დასანანი გოლები გავუშვით, ამას დაემატა ისიც, რომ ტრიბუნები გადაჭედილი იყო მეტოქე გუნდის მხარდამჭერებით. პლუს, ორი ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაგვიდეს და საბოლოოდ, იმ თამაშში, რომლის მოგებაც კი შეგვეძლო, 2:4 დავმარცხდით. მესამე თამაშში ფინეთის გუნდს ვეთამაშეთ და ეს შეხვედრაც ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 3 ქულა აგვეღო. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კი  ოთხი უპასუხო გოლი შევაგდეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქში ფუტსალი ძალიან უყვართ და ამასთან, შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. ეს ეხება როგორც დარბაზში მოსულ გულშემატკივარს, ასევე მთლიანად ქალაქს, სადაც ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო.“

თემურ ექიზაშვილი, ტატიშვილი: „ძალიან კარგ გუნდებთან მოგვიწია ელიტ რაუნდის საგზურისთვის ბრძოლა. თითოეული მათგანი კარგად ორგანიზებული და გამოცდილი გუნდი იყო. პირველი მატჩი ყაზახეთის თასის მფლობელ აქტობესთან გვქონდა, რომელმაც ეს ტიტული კაირათს მოუგო, კაირათი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მიუხედავად ამისა ბიჭები ძალიან მოტივირებულები გავედით თამაშზე. მატჩის დებიუტშივე გავუშვით 2 სწრაფი გოლი, რამაც იქონია კიდეც შედეგზე გავლენა. ამის მიუხედავათ მაქსიმალურად ვეცადეთ თამაშის შემოტრიალება, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მეორე მატჩი ხორვატიის ჩემპიონთან გვქონდა და ვიცოდით როგორი  რთული მატჩიც იქნებოდა. პირველი გოლის გატანა მოვახერხეთ თითოეული მონაკვეთისთვის ბოლომდე დავიხარჯეთ და ვიბრძოლეთ. გვქონდა კარგი მომენტები თამაშის მოსაგებად თუმცა ვერ გამოვიყენეთ და სამწუხაროდ ეს მატჩიც წავაგეთ. ბოლო თამაში კი ფინეთის ჩემპიონთან ძალიან კარგად ჩავატარეთ. რა დავალებაც გვქონდა მოცემული  შევასრულეთ და შესაბამისად გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება მეინ რაუნდზე ასპარეზობას, ეს ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი გამოცდილების მომტანი იქნება და აუცილებლად დაგვეხმარება საქართველოს ჩემპიონატში მორიგი წარმატების მიღწევაში.“

 



  © SBM, 2016-2024