ქართველი ლეგიონერები უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე

ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2018

ქართველი ლეგიონერები უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე
უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში, ქართველი ფუტსალი ფეხბურთელების ყოფნა მხოლოდ მფკ ტატიშვილით არ შემოიფარგლება. ქართველი ლეგიონერები, სხვადასხვა ქვეყნის რამოდენიმე კლუბში არიან წარმოდგენილი. 
 
საქართველოს ჩემპიონის მსგავსად, საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში მალტის "ვალეტა", რომლის რიგებს ერთბაშად სამი ქართველი იცავს - თორნიკე ბუკია, ბუთა კაკაბაძე და გია ნიკვაშვილი. მალტელებმა სამიდან სამი მოგებით, უპრობლემოდ გაინაღდეს მომდევნო ეტაპის საგზური. სამ თამაშში სამი გატანილი ბურთით ბუთა კაკაბაძე გამოირჩა, ერთი გოლი კი თორნიკე ბუკიას ანგარიშზეა. "ვალეტა" მეინ რაუნდში აზერბაიჯანის, სლოვაკეთის და ლიტვის ჩემპიონებს დაუპირისპირდება. 
 
მეინ რაუნდიდან დაიწყებს ევროასპარეზობას ქართული ლეგიონით მდიდარი კიდევ ერთი გუნდი - ბელორუსის ჩემპიონი "ლიდსელმაში", რომლის რიგებში არჩილ სებისკვერაძე, ირაკლი თოდუა და ნიკა ზედელაშვილი ირიცხებიან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბელორუსები კენჭისყრამ არ დაინდო - "ლიდსელმაშს" ელიტ რაუნდის საგზურისთვის პორტუგალიურ "სპორტინგთან", ალმაატის "კაირატთან" და კოსოვოს "ფენიქსთან" მოუწევს ბრძოლა.
 
ფავორიტის სტატუსით ერთვება ასპარეზობაში რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი "გაზპრომ-იუგრა", რომლის ღირსებასაც ეროვნული ნაკრების მეკარე, ზვიად კუპატაძე იცავს. ის ერთადერთი ქართველია, რომელსაც ფუტსალის უმაღლესი ევროპული საკლუბო ჯილდო აქვს მოპოვებული. "იუგრა" უეფას ფუტსალის თასს 2015-16 წ.წ სეზონში დაეუფლა. მეინ რაუნდში კუპატაძის გუნდის მეტოქეები, რუსული "სიბირიაკი", სლოვენიური "დობოვეცი" და უნგრული "ბერეტიუფალუ" იქნებიან.
რაც შეეხება ნაკრების ბრაზილიელ ნატურალიზებულ წევრებს, "სიბირიაკის" რიგებში ირიცხება სიმი საიოტი, ხოლო სერბული "ეკონომაცის" ღირსებას თალეს და მატა იცავს.
 
მეინ რაუნდის თამაშები 3-6 ოქტომბერს გაიმართება. 


  © SBM, 2016-2024