ვერცხლის ლიგის საუკეთესო შვიდეული!

ყველა სიახლე
29 ივლისი 2018

ვერცხლის ლიგის საუკეთესო შვიდეული!

შემოსავლების  სამსახურის  გუნდი ვერცხლის  ლიგის  2017/18 წლების სეზონის ჩემპიონია! დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის საიუბილეო მეათე სეზონის ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა,რომელშიც  ერთმანეთს შემოსავლების  სამსახურისა და თბილისის  მერიის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა "ფინანსისტების" გამარჯვებით 3:2 დასრულდა.  ეს მათი პირველი ტიტულია ლიგის  ისტორიაში. რაც  შეეხება  თბილისის  მერიას, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ეს მათთვის მეორე წაგებული ფინალია. 

 მატჩის  დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი  გაიმართა. პრიზიორი გუნდები ქ.თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა დააჯილდოვეს. დასახელდნენ მეათე საიუბილეო სეზონის ვერცხლის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები. საუკეთესო  მეკარის  პრიზი შემოსავლების სამსახურის  გოლკიპერს მერაბ წერეთელს ერგო, საუკეთესო  მცველი თბილისის მერიის ფეხბურთელი ზურა თარაშვილი გახდა, საუკეთესო  თავდამსხმელად ჩემპიონი გუნდის კაპიტანი დავით მეკოკიშვილი, საუკეთესო უნივერსალად  კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდის კაპიტანი დავით იობიძე  დასახელდნენ.საუკეთესო ასისტენტი 11 პასით ირაკლი ბურჭულაძე, საუკეთესო ბომბარდირი 18 გატანილი გოლით გური გოგიჩაიშვილი გახდა. ვერცხლის ლიგის წლევანდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ „დედაქალაქელების“ ლიდერი მიხეილ თოფურია დასახელდა.    

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარებს

მიხეილ თოფურია, თბილისის მერია: „მეორე  დასანანი  ფინალი  წავაგეთ, თუმცა  როგორც  გულშემატკივარს დავპირდით კარგი და სანახაობრივი თამაში გამოვიდა,შეხვედრას  ვიგებდით ორბურთიანი სხვაობით, თუმცა ენერგია და ძალა არ გვეყო უპირატესობის  შესანარჩუნებლად. მივულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას.გათამაშების  საუკეთესო  მოთამაშედ  დამასახელეს, ძალიან  მნიშვნელოვანია ეს  პრიზი ჩემთვის, არის  უდიდესი  მოტივაცია  და ამ ტურნირზე  უკვე  მეორედ  გავხდი საუკეთესო  ფეხბურთელი, რაც  ძალიან  მახარებს.“

ალექსანდრე  მეტრეველი, თბილისის მერია: „ ძალიან სანახაობრივი  ფინალი გამოვიდა, 2:0 ვიგებდით შეხვედრას, თუმცა  მეტოქემ ხელიდან გამოგვტაცა გამარჯვება. გუნდში საკადრო  პრობლემები იყო,ბევრი ფეხბურთელი  გვაკლდა, მხოლოდ  ორი მათამაშე იყო სათადარიგოთა  სკამზე და ეს იყო ძალიან ცუდი. მოწინააღმდეგემ გაცილებით უფრო მოინდომა, ჩვენ კი მოვეშვით იქ, სადაც უნდა გვებრძოლა და ფარ-ხმალი დავყარეთ. მივულოცავ  მეტოქეს  ჩემპიონობას.“

დავით მეკოკიშვილი, შემოსავლების  სამსახური: „ სამწუხაროდ 0:2 ვმარცხდებოდით, ცუდი დასაწყისი  გვქონდა, მაგრამ მეორე  ნახევარში  ცოტა  მოვინდომეთ,შევძელით  და  3:2  გავიმარჯვეთ. მიხარია, რომ საუკეთესო თავდამსხმელი გავხდი და  ვეცდები შემდეგ  სეზონში, რომელშიც  უკვე  ოქროს  ლიგაში  ვიასპარეზებთ, აღნიშნული შედეგი გავიმეორო.“

პაატა გამცემლიძე,შემოსავლების  სამსახური: უდიდესი  გრძნობაა ჩემპიონობა, სიტყვებით წარმოუდგენელია გამოხატო, როდესაც ხედავ შედეგს  რისთვისაც  მთელი სეზონი შრომობდი.  ძალიან  კარგი შეხვედრა გამოვიდა, გარდამტეხი დღევანდელ მატჩში  ლაშა  ტერაშვილის  მიერ  გატანილი  პირველი გოლი იყო, როდესაც სხვაობა მინიმუმამდე შევამცირეთ და  ანგარიში 2:1  გავხადეთ, შემდეგ კი არ შემიძლია არ გამოვყო ჩვენი გუნდის  მეკარის დამაჯერებელი თამაში.  გადავედით  ოქროს  ლიგაში, სადაც  სერიოზული ბრძოლები გველის, აუცილებლად გავძლიერდებით და იმედი გვაქვს  წარმატებას  მივაღწევთ.“ 

მერაბ წერეთელი, შემოსავლების  სამსახური: „ ძალიან  ბედნიერი ვარ შედეგით,მძიმე  ბრძოლა  იყო და მოვახევრხეთ დაძაბულ შეხვედრაში  გამარჯვება. მივაღწიეთ დასახულ მიზანს  და  ეს  არის ძალიან მაგარი გრძლობა. საუკეთესო  მეკარის  ჯილდო მერგო რაც ძალიან მახარებს და  დამატებითი სტიმულია.სავსე ვარ ემოციებით.მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგეს  და  ჩემს  გუნდს.“

 

 



  © SBM, 2016-2024