ვერცხლის ლიგის ფინალის წინ...

ყველა სიახლე
26 ივლისი 2018

ვერცხლის ლიგის ფინალის წინ...

28 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის ლიგის2017/18 წწ სეზონის  ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის მერიისა და შემოსავლების სამსახურის გუნდები დაუპირისპირდებიან.

ორივე მათგანმა ფინალის საგზური უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვა. მერიამ ნახევარფინალურ ეტაპზე, სამი მატჩის ჯამში სახელმწიფო დაცვის  სპეციალური  სამსახურის  გუნდს 2:1 სძლია.   ფინალში გასასვლელად სამი მატჩის გამართვა მოუწია შემოსავლების სამსახურის გუნდსაც, რომელმაც ასპარეზობას რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ავერსი  გამოთიშა და ლიგაში სამ წლიანი „მოღვაწეობის“ მანძილზე, ფინალში პირველად ითამაშებს და შესაბამისად პირველად  აქვს შანსი ჩემპიონის ტიტულს  დაეუფლოს.

რაც შეეხება „დედაქალაქელებს“ მერიამ ვერცხლის ლიგის ფინალში პირველად 2015/16 წლების სეზონში ითამაშა, სადაც ვითიბი ბანკთან შვიდმეტრიანების სერიაში დათმო ჩემპიონობა.

აღსანიშავია, რომ გუნდებმა რეგულარულ სეზონში არც თუ დამაჯერებლად იასპარეზეს, პლეი-ოფში V-VI ადგილებით გავიდნენ და არც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.

ფინალური შეხვედრის წინ, Sbm.ge  ორივე გუნდი წარმომადგენელს გაესაუბრა

 პაატა გამცემლიძე, RS-ის მთავარი მწვრთნელი: „ფინალური შეხვედრისთვის მთელი პასუხისმგებლობით ვემზადებით,ყოველდღიური ვარჯიშები გვაქვს,ეს ფინალია,მატჩი  რომლისთვისაც მთელი სეზონი ვიბრძოდით,  ვეცდებით სასურველ  შედეგს  მივაღწიოთ.  ძალიან  დიდი დანაკლისი აქვს  ჩვენს  გუნდს გია ნინოშვილის სახით, რომელიც  შეხვედრას გასულ თამაშში მიღებული წითელი ბარათის  გამო გამოტოვებს. რაც  შეეხება  ჩვენს მეტოქეს, თბილისის მერია  ძალიან  ძლიერი გუნდია, მეტი ყურადღება  დაცვაზე გავამახვილოთ  და აქცენტი კონტრშეტევებზე  გავაკეთოთ.“

მიხეილ თოფურია, თბილისის მერია: „ ვემზადებით ფინალური შეხვედრისთვის, საჩემპიონო მატჩია, ჩვენი გუნდი  ბოლომდე  იბრძოლებს, ძირითადად  შევუტევთ  მეტოქეს და ვეცდებით სანახაობრივი მატჩი შევთავაზოთ მაყურებელს. რაც შეეხება  ჩვენს მეტოქეს,  შემსავლების  სამსახურს ძლიერი გუნდი ჰყავს, ბრძოლის  უნარიანები არიან, დარწმუნებული ვარ არცერთი გუნდი არაფერს  დათმობს ტიტულის მოსაპოვებლად.

ფინალური შეხვედრა 28 ივლის 19:30 წუთზე დაიწყება.

 

 



  © SBM, 2016-2024