ახალი, 2018/19 წ.წ სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ, რიგით მეთერთმეტე, სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო.
ჩემპიონატი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფუტსალის სამოყვარულო ლიგის გათამაშება, რომლის გარდაც წლევანდელი სეზონი ოთხ კორპორატიულ - სუპერლიგას, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგას გააერთიანებს.
თითო ლიგაში 10-10 გუნდი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთს წრიული სისტემით, ერთ წრედ დაუპირისპირდება, ხოლო საუკეთესო 8-8 გუნდი პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. ოთხივე გათამაშება ოქტომბრიდან აიღებს სტარტს და 2019 წლის ივნისის ბოლომდე გასტანს.
წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, კორპორატიული გუნდები ლიგის თასის გათამაშებაშიც მიიღებენ მონაწილეობას. ფუტსალის სამოყვარულო ლიგის 8 საუკეთესო გუნდი კი ფუტსალის ლიგის თასზე იასპარეზებს. მომდევნო წლის გაზაფხულზე დაიწყება ასევე საკვალიფიკაციო ლიგაც, რომელშიც ოთხი ლიგის აუტსაიდერების გარდა, ახალი გუნდებიც ითამაშებენ.
ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, რომელშიც წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები იღებენ მონაწილეობას, სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით, პირველად 2008 წელს გაიმართა და მთელი თავისი არსით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ორგანიზაციებში კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მასში მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა, 60 გუნდი ფიქსირდება.
ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიყვეთ მოცემულ ბმულს ან მოგვმართოთ წერილობით შემდეგ ელ-ფოსტაზე: 001@sbm.ge, 013@sbm.ge ან მოგვწეროთ შეტყობინება ლიგის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/sbmleague/