აგორამ კოლხი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
01 ივნისი 2018

აგორამ კოლხი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე  შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს კოლხი-გულრიფში და აგორა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ კი აგორას გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მატჩში ანგარიში მეოთხე  წუთზე გაიხსნა, ბაბაკ ალავერიქჰანის შედეგიანი გადაცემა გოლად ამირან  ცხომარიამ აქცია. მალევე  „ფინანსისტებმა“ ანგარიში ლევან  კობაიძის შედეგიანი დარტყმით გაათანაბრეს.  პირველინახევრის  დასრულებამდე  15 წამით ადრე   გიორგი ჩიმაკაძემ  წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი.

მატჩის  მეორე ნახევარი საკმაოდ მაღალ ტემპში  წარიმართა და ორივე  გუნდს არაერთი  გოლის  გატანის შანსი მიეცა, თუმცა გუნდები თითო-თითო  შედეგიანი დარტყმით დაკმაყოფილდნენ. ჯანო გიორგაიას  გოლს მატჩის ბოლო წუთზე, ბაბაკ ალავერიქჰანმა უპასუხა. ამ  მოგებით აგორა სერიაში  დაწინაურდა.

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს

გიორგი ჩიმაკაძე, აგორა: „დაძაბული შეხვედრა  იყო,  პირველ ნახევარში   ვაჯობეთ  მეტოქეს, მეორე ტაიმში  არ გამოვიყურებოდით კარგად, თუმცა  საბოლოოდ  ვიპოვეთ ჩვენი თამაში. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად  გავიმარჯვეთ,  წინ მინიმუმ კიდევ ერთი თამაში  გველის, თუმცა  რა  თქმა  უნდა  შევეცდებით,რომ  შემდეგ მატჩში დავამთავროთ ყველაფერი.“

ამირან ცხომარია, კოლხი: „ ძალიან  დაძაბული და  რთული მატჩი იყო,  ფორტუნა  ვთვლი, რომ მოწინააღმდეგე  გუნდის  მხარეს აღმოჩნდა,  გვქონდა  ძალიან  ბევრი  საგოლე  მომენტი, თუმცა ვერ გამოვიყენეთ, ჩვენი დიდი ხნის  განმავლობაში ვემზადებოდით  ამ შეხვედრისთვის. ყველაფერი  წინ არის. მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.“   

 



  © SBM, 2016-2024