„ელიტური“ სენსაცია და უდანაკარგო ლიდერები

ყველა სიახლე
12 დეკემბერი 2016

„ელიტური“ სენსაცია  და უდანაკარგო ლიდერები

11 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ გათამაშების მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. კალენდარული ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

ვერცხლის ლიგის მეხუთე ტური დომინოს პიცისა და ავერსის გუნდების დაპირისპირებით დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა „ფარმაცევტების“ გამარჯვებით 9-4 დასრულდა. მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შეძლო ბანკი რესპუბლიკის გუნდმა, რომელმაც „საბანკო დერბიში“ ლიბერთი ბანკი დაამარცხა 4-1. დამაჯერებლად იმარჯვა შემოსავლების სამსახურის გუნდმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, საქრუსენერგოს სძლია 6-3. უდანაკარგოდ განაგრძობს ასპარეზობას ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის გუნდი - ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის და დამრიგებლის, ალიკ სარქისიანის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება აჭარა ჯგუფის გუნდთან მოიპოვეს - 12-3 და 15 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს. მათ კუდში მისდევს საქართველოს ბანკი, რომელიც სამი ქულით და ერთი თამაშით ჩამორჩება კონკურენტს. „ბანკირებმა“ მეხუთე ტურში კუბიკი დაამარცხეს 5-0.

კვირას გამართული ტური სენსაციური შედეგით დასრულდა - ლიგის აუტსაიდერი ელიტა ბურჯი, მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს ევროპაბეთს დაუპირისპირდა და მინი ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით 1-0 დაამარცხა, რითიც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მიუახლოვდა საპლეიოფო ზონას. „მშენებლებმა“, რომელთაც სათავეში ქართული ფუტსალის ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი და ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრო მიზანდარი უდგათ, ტოლი არ დაუდეს მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. მათი მხრიდან თავი ავთანდილ სებისკევრაძემ გამოიჩინა, რომელმაც ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელის, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის 52 წლის (!!!) ალექსანდრე ათანელიშვილის ეფექტური გადაცემა აქცია გამარჯვების გოლად.

11.12.2016. ვერცხლის ლიგა. V ტური

დომინო’ს პიცა - ავერსი 4:9

ლიბერთი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა 1:4

საქრუსენერგო - RS 3:6

ბაქსვუდი - აჭარა ჯგუფი 12:3

საქართველოს ბანკი - კუბიკი 5:0

ევროპაბეთი - ელიტა ბურჯი 0:1

ბომბარდირები: დიმიტრი ანდღულაძე (საქრუსენერგო) – 11, გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი) – 9, გიორგი ხაჩოშვილი (დომინო), გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი) – 8

კვირას გამართეს მეოთხე ტურის შეხვედრები ოქროს ლიგის გუნდებმა. კვლავ განაგრძობს ერთპიროვნულ ლიდერობას მოქმედი ჩემპიონი - საპატრულო პოლიციის გუნდმა ამჯერად თბილისის მერია დაამარცხა 5-0 და ზედზიედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ნატახტარისა და თავდაცვის სამინისტროს გუნდ „სარანგის“ დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ფრედ 2-2 დასრულდა. ძალოვნები შეხვედრის განმავლობაში ორჯერ იყვნენ წინ, თუმცა სახელოვანმა მეტოქემ მაინც შეძლო თამაშის გადარჩენა. სარანგმა კი აქტივში სადებიუტო, დამსახურებული ქულა ჩაიწერა.

მიმდინარე სეზონში თავის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდმა, რომელიც საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდა და 6-3 სძლია, რითიც უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილშიც მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მოლოდინისამებრ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდის დაპირისპირება. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს 5-5. ფუტსალის ნაკრების მწვრთნელის, ბესიკ არველაძის ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს მუჯირი-იაშვილის დუეტთან გამკლავება და მატჩის მიწურულს ორ ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა.

სათამაშო დღე ვითიბი ბანკისა და Menu.ge-ს გუნდების შეხვედრით დასრულდა, სადაც გამარჯვება ბანკირებს ხვდათ წილად, ანგარიშით 5-2.

11.12.2016. ოქროს ლიგა. IV ტური

 თბილისის მერია - პატრული 0:5

ნატახტარი - სარანგი 2:2

საქართველოს ფოსტა - TTC 3:6

GWP - სფფ-2 5:5

MENU.GE - ვითიბი ბანკი 2:5

ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ფოსტა), გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 8, გიორგი დვალი (TTC), თემურ რაქვიაშვილი (პატრული), ლაშა დონდოლაძე (ფოსტა) - 5

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024