თსუ-მ მნიშვნელოვანი გამარჯვება სავსე ტრიბუნების ფონზე იზეიმა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წწ სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმიდნარეობს. ერთმანეთს ვერხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდები უპირისპირდებიან. სავსე ტრიბუნების ფონზე ჩატარდა დღის ცენტრალური შეხვედრა პსპ-სა და თსუ-ჰიუნდაის შორის, სადაც თსუ-მ მინიმალური ანგარიშის სხვაობით 2:1 სძლია მეტოქეს და ამ მოგებით სუპერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. შეხვედრაში ანგარიში პსპ-მ დავით ჩხეიძის გოლით გახსნა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში შავლა კაპანაძემ ჯერ წონასწორობა აღადგინა შემდეგ კი გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
მიხეილ თევზაძე, პსპ: „ძალიან კარგი თამაში იყო, ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ალბათ მან გაიმარჯვა, რომელსაც უფრო გაუმართლა. ვიგებდით თუმცა დასანანი გოლი გავუშვით. რამდენიმე კარგი გუნდია გათამაშებაში, თუმცა ნამდვილად გამოვარჩევდი თსუ-ს, რადგან ჩემი აზრით ეს არის გუნდი რომელიც პსპ-ს უშუალო კონკურენტია.“
შალვა კაპანაძე, თსუ, ჰიუნდაი: „პირველი ტაიმი ვფიქრობ, რომ ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რატომღაც დასანანი გოლი გავუშვით, დიდ შესვენებაზე კი ბიჭებმა ერთმანეთი გავამხნევეთ და მეორე ტაიმში გამოვედით საკუთარ ძალებში დარწმუნებული. ჩვენ მეტად ვიბრძოლეთ, დღევანდელი შეხვედრიდან კი გავიხსენებდი პირველი გოლის მომენტს, როდესაც ბურთი მომივიდა, ძალიან მაგარი გრძნობა იყო რადგან ვიცოდი რომ გოლი უნდა გასულიყო. მეორე გოლს რაც შეეხება ამ შემთხვევაში გამიმართლა.“