საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ყველა სიახლე31 ოქტომბერი 2017
31 ოქტომბერს, სასტურმო „თბილისი რუმსში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.
ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი.
ახალი სეზონი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება, დღევანდელ პრეზენტაციაზე გაიმართა ასევე მონაწილე გუნდების წილისყრა. 2017/18 წწ. სეზონის პირველი წრის პირველი ტურის კალენდარი ასეთია.
ტატიშვილი - თბილისი
კოლხი-გულრიფში - აფხაზეთი
აგორა - ბსუ(ბთ)
სტუ-თელასი -წყალტუბო
ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი - ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.
რაც შეეხება ფუტსალის ლიგის სატელევიზიო გაშუქებას, სფფ-ს, SBM-სა და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, ყოველკვირეული მიმოხილვის გარდა, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ პარასკევს, ტურის ცენტრალური შეხვედრა, „სილკ უნივერსალის“ პირდაპირ ეთერში იხილოს.