18 ოქტომბერს მეათე სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ყველა სიახლე18 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ. რიგით მეათე სეზონის ოფიციალური პრეზენტაცია და მონაწილე გუნდების წილისყრა გაიმართა.
საიუბილეო გათამაშება, ექვსი სხვადასხვა ლიგის, სამოცამდე მონაწილეს გააერთიანებს.
სეზონი სტარტს 29 ოქტომბერს აიღებს - პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ, 5 ნოემბერს კი ჩემპიონატში ოქროს და ბრინჯაოს ლიგის მონაწილეები ჩაებმევიან.
ერთ წრედ გამართული რეგულარული სეზონის შემდეგ, პლეი-ოფებში ასპარეზობას 8-8 გუნდი განაგრძობს, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.
განსხვავებული ფორმატით ჩატარდება მეათე სეზონის თასის გათამაშება - წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, სუპერლიგის, ოქროს და ვერცხლის ლიგის 30 მონაწილესთან ერთად, ბრმა წილისყრაში მონაწილეობას ბრინჯაოს ლიგის ორი საუკეთესო გუნდიც მიიღებს. პირველი ეტაპის, 1/16 ფინალური შეხვედრები გაზაფხულზე გაიმართება.
გაზაფხულიდან დაიწყება საკვალიფიკაციო ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს გათამაშებაც, სადაც პლეი-ოფს მიღმა დარჩენილ გუნდებთან ერთად, დებიუტანტები იასპარეზებენ. 2017/18 წ.წ სეზონის ჩემპიონატის თამაშებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
წილისყრის შედეგად გაირკვა ჩემპიონატის კალენდარი. პირველ ტურში გუნდები შემდეგანირად დაწყვილდნენ:
29.10.2017 სუპერლიგა. I ტური.
კსუ/CIU - ტვ იმედი
თსუ-FC UG
მფკ ნატახტარი - სფფ
მაუდი - აჭარა
სკ თელავი - FC PSP
29.10.2017 ვერცხლის ლიგა. I ტური
სდსს - GEO HOLDING
ეთა - ლიბერთი ბანკი
საქართველოს ბანკი - თბილისის მერია
RS - ენერგო პრო
ავერსი - ელიტა ბურჯი
05.11. 2017 ბრინჯაოს ლიგა. I ტური
კროკობეთი - ნაბეღლავი
დელუქსი : ტერაბანკი
ხალიკ ბანკი : ბილტმორი
ინსტა - McGill
M2 - ევროპაბეთი
FC VIVUS.GE - კრედო
05.11.2017 ოქროს ლიგა. I ტური
TTC - არმია
საქ. ფოსტა - სფფ 2
პატრული - GWP
ბაქსვუდი - ვითიბი
ნატახტარი - PSP.
ლიგის ისტორია 2008 წლიდან იღებს სათავეს. ამ წელს, სპორტული სააგენტო SBM-ს ორგანიზებით, პირველად ჩატარდა სამოყვარულო ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში, „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა“, ღონისძიება, რომელიც მთელი თავისი არსით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურება. წლიდან წლამდე პროგრესირებდა მასში მონაწილე ბიზნეს ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდების რაოდენობაც.
ლიგის 10 წლიან ისტორიას მიეძღვნა ვიდეო, სახელწოდებით #მეათე, რომლის პრემიერაც წილისყრის დასრულების შემდეგ გაიმართა.
საიუბილეო სეზონის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: „ნაბეღლავი“, ენერგეტიკული სასმელი „ბუღა“, SNAP Fitness Georgia, ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ბილტმორი“
მედია პარტნიორები: პალიტრა ნიუსი, რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო”
სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური