2017/18 წ.წ სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო!

ყველა სიახლე
20 ივლისი 2017

2017/18 წ.წ სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ, რიგით მეათე, საიუბილეო სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო.

ჩემპიონატი წელს განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდება და ერთ არაკორპორატიულ ლიგას - სუპერლიგას და სამ კორპორატიულ - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგას გააერთიანებს. თითო ლიგაში 10-10 გუნდი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთს წრიული სისტემით, ერთ წრედ დაუპირისპირდება, ხოლო საუკეთესო 8-8 გუნდი პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. ოთხივე გათამაშება ოქტომბრიდან აიღებს სტარტს და 2018 წლის ივლისამდე გასტანს.

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები თასის გათამაშებაშიც მიიღებენ მონაწილეობას. მომდევნო წლის გაზაფხულზე დაიწყება ასევე საკვალიფიკაციო ლიგებიც, რომელშიც ოთხი ლიგის აუტსაიდერების გარდა, ახალი გუნდებიც ითამაშებენ.

ჩემპიონატი მინი ფეხბურთში (6/6), რომელშიც წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები იღებენ მონაწილეობას, სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით, პირველად 2008 წელს გაიმართა და  მთელი თავისი არსით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ორგანიზაციებში კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებას  ემსახურება.  ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მასში მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა, 60 გუნდი ფიქსირდება.

მეათე ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უნდა მოგვმართოთ წერილობით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: 001@sbm.ge, 013@sbm.ge ან მოგვწეროთ შეტყობინება ლიგის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/sbmleague/



  © SBM, 2016-2024