სუპერლიგა A-ს ჩემპიონი პსპ გახდა
ყველა სიახლესაფეხბურთო კლუბი “პსპ”, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის სუპერლიგა A-ს გათამაშების ჩემპიონია! „ფარმაცევტებმა“ გადამწყვეტ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ვარსკვლავური შემადგენლობით“ დაკომპლექტებული გუნდი დაამარცხეს, ანგარიშით 7:2 და ლიგის უმთავრესს ტიტულს არსებობის ისტორიაში მეორედ დაუფლნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ. გათამაშების საუკეთესო მეკარედ მფკ ნატახტარის კარის დარაჯი, ეროს აკოფოვი დასახელდა, საუკეთესო მცველი, სფფ-ს ფეხბურთელი გივი კვარაცხელია გახდა, საუკეთესო უნვერსალის პრიზი პსპ-ს ლიდერს, ნიკოლოზ კურტანიძეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელის კი "ფარმაცვეტების" შემტევს, გიორგი აფციაურს. სეზონის საუკეთესო მენეჯერის წოდება პსპ-ს გუნდის ხელმძღვანელმა კოტე ჯავახიშვილმა მიიღო. საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე გახდა, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტად (16 საგოლე პასი) და საუკეთესო ფეხბურთელად, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი დასახელდა.
ჩემპიონი, ოქროს მედლებით და საჩემპიონო თასით სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.
sbm.ge ფინალისტებს გაესაუბრა
ლევან კობიაშვილი, სფფ: "არ ვიცით რას დავაბრალოთ, ვხუმრობდით, რომ "იუვენტუსის წყალი გადმოგვესხა", რადგან რამდენიმე ფინალია ვმარცხდებით, მაგრამ გულშემატკივარს პირობას ვაძლევთ, რომ არ დავნებდებით, კიდევ მივიღებთ მონაწილეობას, კიდევ ვითამაშებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამარჯვება მოვიპოვოთ. მინდა მივულოცო გამარჯვებულს ღირსეულად მოიგეს, აბსოლიტური უპირატესობა ჰქონდათ დღევანდელ თამაშში და მინდა წარმატება ვუსურვო."
ალექსანდრე იაშვილი, სფფ: "ჩვენთვის მთავარი იყო მოგება, რაც მთავარი იყო ის ვერ მივიღეთ, თუმცა საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადმომეცა. ყოველთვის ვთამაშობთ მოსაგებად, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მეტოქე დღეს ჩვენზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტურნირია, მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა მოთამაშემ დიდი სიამოვნება მიიღო, ჩვენ კი შევეცდებით ეს შედეგი გამოვასწოროთ და გავიმარჯვოთ ფინალში."
კოტე ჯავახიშვილი, პსპ-ს გუნდის მენეჯერი:" იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო საჭიროა გუნდურობა, გუნდში უნდა იყო და მათი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე, არ მოველოდით გამარჯვებას ნამდვილად, თუმცა ცხრა წელია გუნდი გვყავს და ერთი განწყობით ვუდგებით ნამდვილად ყველა ჩემპიონატს. წლევანდელი პირველობა კი იყო განსაკუთრებული, განსხვავებული, კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ.
ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან ტიტულოვან ფეხბურთელებს, ჩვენი გუნდის მეტოქეები იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს, ის ფეხბურთელები რომელთა საგულშემატკივროდ დავდიოდით მოედანზე და კალას, იაშკას, კობის და სხვების სახელებს გავიძახოდით. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ახალი განწყობით და შემართებით დავიწყებთ ფიქრს ახალ სეზონზე. "
მიხეილ თევზაძე, პსპ: "ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ვითამაშეთ დღეს,ძალიან კარგი ტურნირის გამარჯვებულები გავხდით, ჩვენ ვეთამაშეთ ისეთ სპორტსმენებს, რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს, გვასწავლეს და მათთან თამაში ჩვენთვის პატივი იყო. ძალიან გახარებული ვარ შედეგით, ვიბრძოლეთ მთელი წელი და მივაღწიეთ შედეგს."