დავით ტატიშვილი: „ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს სპორტში ჩემი დაკავებულობით და აქტივობით.“

ყველა სიახლე
20 ივნისი 2017

დავით ტატიშვილი: „ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს სპორტში ჩემი დაკავებულობით და აქტივობით.“

ფუტსალის  ლიგის   2016-17 წწ სეზონი დებიუტანტმა მინი  ფეხბურთის კლუბმა  „ტატიშვილმა“ ვერცხლის  მედლით  დაასრულა. დაძაბულ ფინალურ სერიაში „მედიკოსებმა“ 2:1 დათმეს უშუალო კონკურენტ სტუ-თელასთან.  

Sbm.ge  ტატიშვილის  სამედიცინო  ცენტრის  დამფუძნებელს, პროფესორ  დავით  ტატიშვილს  გაესაბრა,  რომელმაც  მფკ ტატიშვილის მიზნებზე,  მის  სპორტულ ცხოვრებასა და  საქართველოში  ფუტსალის  განვითარებაზე  ისაუბრა.   

 ბატონო დავით, სპორტული ადამიანი ხართ და მიუხედავად თქვენი მთავარი პროფესიისა და გადატვირთული გრაფიკისა,  ჩართული ხართ  სხვადასხვა  სპორტულ მარათონებში, რას ნიშნავს  თქვენთვის  სპორტი?

სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. მხედველობაში მაქვს ჩემი თავი, როგორც სპორტის მოყვარული, ასევე სპორტულ ცხოვრებაში  აქტიური ჩართულობით. ბავშვობაში მიყვარდა ფეხბურთის და კალათბურთის თამაში. სტუდენტობის წლებიდან დღემდე ყოველდღიურად დავრბივარ და ასევე დავდივარ საცურაო აუზზე. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ჩემი დიდი ინტერესი გამოიწვია მარათონმა, რასაც შედეგად მოყვა დროის ამ პერიოდში 49 წარმატებულად დასრულებული საერთაშორისო მარათონი. აგვისტოს ბოლოს აშშ-ში, კალიფორნიაში უნდა ვირბინო 50-ე მარათონი და დიდი სურვილი მაქვს დავძლიო ბოსტონის მარათონისთვის განსაზღვრული ასაკობრივი დროის ლიმიტი. საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გრძელ დისტანციებზე სირბილით ბევრი ადამიანი არ არის დაკავებული, რაც სამწუხაროდ შემდგომში აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო დარბის.  დღეს 2-3 ათეული ვეტერანი მორბენლით (35-70 წელი) შემოისაზღვრება ქვეყანაში  ამ მხრივ არსებული პოტენციალი. კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა ახალგაზრდებში. მაგალითისთვის ამერიკის, ევროპის, აზიის ქვეყნებში, ჩვენი მეზობელი თურქეთის თითოეული მორბენალთა კლუბი ითვლის რამოდენიმე ასეულ მორბენალს და ასეთი კლუბების სიმრავლეა ყველა მცირე თუ დიდ დასახლებაში. მიმდინარე წელს დავაფუძნეთ საქართველოს ვეტერან მორბენალთა ასოციაცია და ვცდილობთ პოპულარიზაცია გავუწიოთ ყველა ასაკის ადამიანში აქტიურ სპორტულ ცხოვრებას.

სხვადასხვა  სამოყვარულო დონის  სპორტულ ტურნირებში იღებთ  მონაწილეობას,  იყავით  თუ არა  როდესმე  დაკავებული პროფესიონალური სპორტით და  რა  სახის  სპორტული მიღწევები გაქვთ?

პროფესიონალური სპორტით არასდროს არ ვიყავი დაკავებული იმ მიზეზით, რომ პროფესიით ვარ ექიმი და მთავარი  მიღწევები ჩემი პროფესიითაა.   დიდი ინტერესი მაქვს მომავალში მივაღწიო წარმატებებს ჩემს ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო მარათონში და ვეტერანთა ევროპის და მსოფლიო პირველობებზე. ხელის შემშლელი ისევ ჩემი ძირითადი საქმიანობაა და მასთან დაკავშირებული დროის დეფიციტი, რაც აფერხებს სირბილისადმი პროფესიონალურ მიდგომას. ნებისმიერ შემთხვევაში მე ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს სპორტში ჩემი დაკავებულობით და აქტივობით.

 ბატონო დავით, თქვენ  ჩამოაყალიბეთ  მინი ფეხბურთის კლუბი  „ტატიშვილი“  რომელსაც ოთხწლიანი   გამოცდილება აქვს  სამოყვარულო  ჩემპიონატში  თამაშის, რა გახდა  ამის  მიზეზი ?

მინი-ფეხბურთის კლუბი „ტატიშვილი“ ჩამოაყალიბა ჩემმა შვილმა, გურამ ტატიშვილმა და ყველა წარმატება მისი ძალისხმევის შედეგია. რა გახდა ამის მიზეზი, ჩემი პასუხი იქნება მიზეზთა ერთობლიობაში. უპირველეს ყოვლისა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაინტერესებით და ყურადღებით მინი ფეხბურთის მიმართ და უაღრესად გონივრული გადაწყვეტილებით   ფუტსალის ეროვნული პირველობის სპორტული სააგენტო “SBM”-ის  მართვაში გადაცემით, რასაც საფუძვლად დაედო ამ ორგანიზაციის მიერ წლების მანძილზე წარმატებულად ჩატარებული ბიზნეს ლიგის პირველობები. რაც შეეხება მინი ფეხბურთის კლუბ ტატიშვილს, მისი წარმატებულობა შეიძლება აიხსნას  კლუბის მმართველობის და სამწვრთნელო შტაბის მიერ სწორად ორგანიზებული საკადრო პოლიტიკით და ეფექტურად წარმოებული სავარჯიშო პროცესით. თქვენ მიერ ხსენებული წლების განმავლობაში გუნდში ყოველთვის იყო ფეხბურთელების უაღრესად  ჯანსაღი, მაღალპროფესიული მიდგომა საქმისადმი, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კოლექტივი, რომელსაც ჩემი აზრით ხელეწიფება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წარმატებული გამოსვლა. ბიზნესლიგის და ფუტსალის პირველობათა ორგანიზატორების სასახელოდ მეტყველებს მუდმივად სავსე ტრიბუნები და ქომაგთა დიდი ინტერესი, რაც ასე ძალიან აკლია დიდი ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს.

სამოყვარულო ლიგაში რამდენიმე  წლიანი თამაშის  შემდეგ  თქვენი  გუნდი   ეტაპობრივად  ძლიერდებოდა და  გასულ  სეზონში  გუნდმა დიდ  წარმატებებს  მიაღწია, რის  ხარჯზე  მოიპოვა  თქვენმა  გუნდმა აღნიშნული  ტიტული?

ერთადერთი, რაც შემიძლია დავუმატო ზემოთ თქმულს, ყველა წარმატება სუპერლიგაში, თასის გათამაშებაში, ბრინჯაოს ლიგაში თუ ფუტსალის ეროვნულ პირველობაში იყო განპირობებული საქმისადმი დამოკიდებულებით, როგორც კლუბის პრეზიდენტის, მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთელთა თუ გუნდის სხვა წევრების მხრიდან, რომლებიც მუდამ ერთ ოჯახად იყვნენ გაერთიანებულები. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება.

ამას მოყვა პროფესიონალური  გუნდის ჩამოყალიბება, და სადებიუტო სეზონში უკვე მთავარი ფავორიტები იყავით, გუნდმა  ფუტსალის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი  პირველ  ადგილზე  დაასრულა და  ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კი  ვერცხლის მედლს დასჯერდა...

გუნდი ყოველთვის მოტივირებულია და მიზნად ისახავს მხოლოდ გამარჯვებას. რაც შეეხება ფლეიოფის ფინალურ სტადიაზე მოწინააღმდეგეს, სტუ-თელასი ძალიან ძლიერი გუნდია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ამ გუნდს აქვს მინი ფეხბურთის და ფუტსალის პირველობაზე გამოსვლის დიდი გამოცდილება.

მფკ ტატიშვილის  მიზნებზე , რომ გვითხრათ, რა  არის  თქვენი გუნდის, ყველაზე  მთავარი და  მნიშვნელოვანი ამოცანა?

მუდამ ყველაზე მაღალი მიზნები,  რაც შეიძლება დაისახოს მინი ფეხბურთის კლუბმა ეროვნულ გათამაშებაში და საერთაშორისო ასპარეზზე.

თქვენი აზრით  არის  თუ არა  საქართველოში,  სპორტი    წარმატებული ბიზნესის  საფუძველი და  რამდენად  მნიშვნელოვანია სპორტში კერძო სექტორის  ჩართულობა?

ამ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხია  სპორტული სააგენტოს “SBM” -ის წარმატებული საქმიანობა, რომელიც უნდა  სამაგალითოდ იქცეს სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებისთვის.

თქვენი აზრით, რა შეიძლება საერთო ქონდეს სპორტსა და მედიცინას?

სპორტული მედიცინა მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი დარგია. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში მას მიაქცევენ ყურადღებას მედიცინის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების დარად და ის მოხვდება სახელმწიფოებრივი პოლიტიკის და საყოველთაო მედიცინის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ შევქმენით სპორტული მედიცინის ცენტრი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან მას არ გააჩნია დაფინანსების არავითარი წყარო მედიცინის სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, რომელთა განვითარებაზე ესოდენ დიდ ძალისხმევას და მზრუნველობას იჩენს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. თუ სპორტული მედიცინა არ მოექცა ჯანდაცვის სფეროს სახელმწიფოებრივ განვითარებაში, ეს ძალიან უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაში სპორტის განვითარებაზე და შესაბამისად ქართველი სპორტსმენების შედეგებზე, ვინაიდან მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფის გარეშე ამჟამად დიდ წარმატებებზე ოცნებაც კი შეუძლებელია.

 

 სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024