ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცხრამეტე სეზონი იწყება!

ყველა სიახლე
12 ნოემბერი 2026

ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცხრამეტე სეზონი იწყება!

22 ნოემბერს სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით, ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცხრამეტე სეზონი აიღებს სტარტს.

ამასთან დაკავშირებით 11 ნოემბერს ახალი სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.

SBM ლიგა, რომელიც 2008 წელს დაარსდა, კორპორატიული სამოყვარულო ჩემპიონატია მინი ფეხბურთში; წელს მასში 32 ორგანიზაციის სამოყვარულო გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

მეცხრამეტე სეზონი მოიცავს როგორც ძირითად ტურნირს, ასევე საკვალიფიკაციო ლიგას და გრანდ ლიგას.

ძირითად ტურნირში ლიგის რეიტინგში საუკეთესო შედეგის მქონე 16 გუნდი იასპარეზებს. გრანდ ლიგაში 35+ ასაკის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები ითამაშებენ, საკვალიფიკაციო ლიგაში კი სხვადასხვა ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის ის გუნდები იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც პირველად თამაშობენ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ან ვერ ხვდებიან რეიტინგის საუკეთესო 16 გუნდში.

კენჭისყრის შედეგად ძირითადი ტურნირის გუნდები სუპერლიგაში, ოქროს ლიგაში, ვერცხლის ლიგასა და ბრინჯაოს ლიგაში გადანაწილდნენ.

რეგულარულ სეზონში გუნდები, თავისი ჯგუფის გარდა, დანარჩენი ჯგუფების თითო წარმომადგენელთან ითამაშებენ, რომელთა ვინაობაც უკვე ცნობილია. გუნდები ერთმანეთს წრიული სისტემით, ერთ ეტაპად დაუპირისპირდებიან, რომლის დასრულების შემდეგაც სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით (I-IV, II-III), ორ მატჩიან 1/2 ფინალში ითამაშებენ. გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში, უკეთესი ბურთების სხვაობით გამოვლინდება;

1/2 ფინალში დამარცხებული გუნდები, III ადგილისთვის იბრძოლებენ და ლიგის თასის გათამაშებაში განაგრძობენ ასპარეზობას; ფინალში გასული გუნდები, კონკრეტული ლიგის ჩემპიონობასთან ერთად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

სეზონის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად პლეი-ოფი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება და ფინალურ ეტაპზე გუნდები ხუთი ხუთზე ითამაშებენ.

გრანდ ლიგასა და საკვალიფიკაციო ლიგაში 8 გუნდი, წრიული სისტემით, ერთ ეტაპად დაუპირისპირდება ერთმანეთს; წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით გუნდები ერთ მატჩიან პლეი-ოფში (1/4 ფინალი, 1/2 ფინალი) განაგრძობენ თამაშს. 1/2 ფინალში დამარცხებული გუნდები, III ადგილისათვის ითამაშებენ. პარალელურად, გუნდები Friend’s Cup-ის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას;

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2026|27 წ.წ სეზონის საბონუსე სისტემას, უზრუნველყოფს ლიგის წარმდგენი betsson და ტექნიკური პარტნიორი, სპორტული მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი #sbmstore.

საბონუსე სისტემა იმუშავებს როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მოთამაშეზე. ქულების დაგროვება შესაძლებელია პლეი-ოფში გადალახული ეტაპებისა და ჩემპიონატის განმავლობაში გატანილი გოლების ან/და შედეგიანი გადაცემების საშუალებით.

(მოთამაშის ბონუსი მოქმედებს მხოლოდ სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის გათამაშებაზე).

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პრეზენტაციას თან ახლდა სპეციალური პრიზები, რომელიც ლიგის პარტნიორებმა - #sbmstore, Swit, Manuel, Aversi, Levanita Wines - ყველა გუნდის წარმომადგენელს გადასცეს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცხრამეტე სეზონი სტარტს 22 ნოემბერს აიღებს. ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ორგანიზაციებში კორპორატიული სულისკვეთების ამაღლება.



  © SBM, 2016-2026