საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ში გახსნითი ტურის მატჩები გაიმართა!
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 3-ში 2026/27 წლების სეზონი დაიწყო.
24 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ პირველი ტურის ოთხ შეხვედრას უმასპინძლა.
„ტფილისი“ VS „ბსუ“ - 4:2
სეზონის გახსნით მატჩში ერთმანეთს „ტფილისი“ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი („ბსუ“) დაუპირისპირდნენ. გამარჯვება „ტფილისს“ დარჩა - 4:2.
შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა, მსაჯებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას, რომელიც 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმი „ტფილისის“ აშკარა უპირატესობით წარიმართა. გუნდმა მიჯრით სამი გოლი გაიტანა და 30-ე წუთისთვის კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. „ბსუ-მ“ მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, შესაბამისად, სეზონის პირველი სამი ქულა „ტფილისმა“ მოიპოვა.
MVP — ნიკა კაპანაძე.
„ბრიჯი“ VS „თსუ 2“ — 1:4
„ბრიჯი“, რომელიც ლიგა 3-ის დებიუტანტია, პირველ შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე გუნდს დაუპირისპირდა. საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, მატჩი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა. ანგარიში მე-2 წუთზე „ბრიჯის“ ათიანმა, გიორგი კანკიამ გახსნა. სადებიუტო შეხვედრაში გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდის კართან არა ერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ტაიმის მიწურულს ლუკა გაგნიძემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
მეორე ნახევარიც მსგავსი სცენარით წარიმართა, თუმცა შეხვედრის გარდამტეხი მომენტი „ბრიჯის“ მეკარის, გიორგი უბილავას, გაძევება აღმოჩნდა.
„თსუ 2“-მა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და გაძევებიდან სულ რაღაც ერთ წუთში გოლიც გაიტანა - ლუკა გაგნიძის გადაცემით ლაზარე ჯავაშვილმა გუნდი წინ გაიყვანა. 38-ე წუთზე გაგნიძემ კიდევ ორი გოლი გაიტანა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა - 1:4.
აღსანიშნავია, რომ „თსუ 2“-ის ოთხივე გოლში ლუკა გაგნიძეს წვლილი მიუძღვის: მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც სწორედ ის დასახელდა.
MVP — ლუკა გაგნიძე.
„ილიაუნი“ VS „EU“ — 5:2
უნივერსიტეტულ დაპირისპირებაში გამარჯვება „ილიაუნს“ დარჩა. გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გოლები გიორგი ნოზაძემ, ლევან ხორბალაძემ და ნიკა ჭკადუამ გაიტანეს. გუნდები შესვენებაზე „ილიაუნის“ სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ - 3:0. შესვენების შემდეგ „ევროპის უნივერსიტეტმა“ თამაში შედეგიანად განაახლა და 25-ე წუთისთვის ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 3:2, თუმცა “ილიაუნმა“ უპირატესობის შენარჩუნება შეძლო.
გიორგი წიქვაძემ 27-ე და 37-ე წუთებზე გაიტანა და დუბლი შეასრულა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
MVP - გიორგი წიქვაძე.
„ბაქსვუდი“ VS „გრანდ ავლაბარი“ — 5:1
ტურის დასკვნით მატჩში კიდევ ერთი დებიუტანტი, „ბაქსვუდი“, „გრანდ ავლაბარს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
სადებიუტო სეზონში გუნდის პირველი გოლი ახალწვეულმა გურამ ნადარეიშვილმა გაიტანა, სულ რაღაც ერთ წუთში კი ლუკა ქარაიამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მე-15 წუთზე ქარაიას დუბლის შესრულების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ექვსმეტრიანი დარტყმა ახალგაზრდა მეკარემ, ლევან კაზაროვმა, მოიგერია.
„გრანდ ავლაბარმა“ მე-18 წუთზე ერთი გოლი გაქვითა და ტაიმის დასრულებამდე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 2:1.
მეორე ნახევარში „ბაქსვუდმა“ კიდევ სამი გოლი გაიტანა და სეზონის სადებიუტო შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 5:1.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გურამ ნადარეიშვილი დასახელდა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტურის შეხვედრები 8 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.




