ფუტსალის ლიგა 2-ში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
13 ოქტომბერი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა!

10 ოქტომბერს ფუტსალის ლიგა 2-ის 2026/27 წლების სეზონი „UG 2“-ისა და „FLC 03“-ის შეხვედრით გაიხსნა.

“ფალკონებმა“ დამაჯერებელი მატჩი ჩაატარეს და მეტოქეს ანგარიშით 5:2 სძლიეს.

ახალი სეზონის პირველი გოლი ნიკოლოზ მონასელიძის („FLC 03“) ანგარიშზეა. პირველ ტაიმში გუნდმა კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო, „UG 2“-მა კი გოგი ლობჯანიძის ავტოგოლით ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „უნივერსიტეტელთა“ კაპიტანმა, ბორის ესებუამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 25-ე წუთზე მონასელიძემ დუბლი შეასრულა — 2:4. მატჩის საბოლოო გოლი ლუკა კანკავას ანგარიშზეა.

„ფალკონებმა“ სეზონის პირველი სამი ქულა მოიპოვეს! მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ მონასელიძე დასახელდა.

ტურის მეორე შეხვედრაში „ქუთაისი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

“ქუთათურთაგან“ პირველი გოლი გუნდში დაბრუნებულმა ნიკა ხაჭაპურიძემ გაიტანა — 1:0. “რუსთაველთა“ მხრიდან გამათანაბრებელი გოლის ავტორი გიორგი არევაძეა, რომელმაც მე-14 წუთზე წონასწორობა აღადგინა. პირველ ტაიმში მაყურებელს მეტი გოლი აღარ უნახავს.

დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო ათი წუთი. „იმერლებს“ 10-მეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანის შანსი ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ ჰქონდათ.

35-ე წუთზე რუსთაველთა მეკარემ, გიორგი ნადირაძემ, ჯერ გუნდის ახალწვეულ სპარტაკ ლომიძეს აჯობა, შემდეგ კი ბაკურ გულუას დარტყმული 10-მეტრიანიც მოიგერია.

მოგერიებული ბურთების შემდეგ „რუსთაველებმა“ გოლის გატანა მოახერხეს — 36-ე წუთზე ალექსანდრე გოგოლაძემ გუნდი წინ გაიყვანა. 38-ე წუთზე ხაჭაპურიძემ გოლს საგოლე გადაცემაც დაუმატა, გარი წერეთელმა კი ანგარიში გაათანაბრა — 2:2.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში — 2:2. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნიკა ხაჭაპურიძე და გიორგი ნადირაძე დასახელდნენ.

11 ოქტომბერს ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. “ბათუმის სპორტული ცენტრი“ ახლადშექმნილ „ლომისა 2“-ს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 3:7 დათმო.

ბათუმელებმა მატჩი კარგად დაიწყეს — მე-7 წუთზე გუნდმა ორი გოლის გატანა მოახერხა. თავი ვახტანგ ბაღაშვილმა და ბექა ლორიამ გამოიჩინეს. მე-14 წუთზე ვანო ბექაურმა „ლომისასთვის“ პირველი გოლი გაიტანა, მე-16 წუთზე კი მიქაელ იორამაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

“აჭარლებმა“ დაძაბული პირველი ტაიმის მოგება მაინც შეძლეს — მე-16 წუთზე ბექა ლორიამ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:2 გახდა.

მეორე ნახევარი „ლომისამ“ იდეალურად ჩაატარა. გუნდმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა!

ორი გოლის გატანა გიორგი ლაგაზაშვილმა მოახერხა, თითო გოლი კი გიორგი აირაპეტიანისა და მიქაელ იორამაშვილის ანგარიშზეა. შეხვედრაში ვახტანგ ბაღაშვილის ავტოგოლიც დაფიქსირდა.

MVP — გიორგი ლაგაზაშვილი!

ტურის დასკვნით შეხვედრაში „35-ე სკოლა“ „შევარდენი 2012“-ს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი გასულ სეზონში ფუტსალის ლიგა 3-ში ასპარეზობდა. მაღალ ტემპში გამართულ დაძაბულ შეხვედრაში მაყურებელმა 11 გოლი იხილა.

პირველი ტაიმი „35-ე სკოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა. მეორე პერიოდში „შევარდენი 2012“-მა მატჩში პირველად შეძლო დაწინაურება. 31-ე და 32-ე წუთებზე ლაშა ბუბულაშვილმა და ალექსანდრე კაბოსნიძემ გაიტანეს და ანგარიში 4:5 გახდა.

თამაშის მიწურულს ბექა სამყურაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა — 5:5. მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე კი აკაკი ქიმერიძემ, გასული სეზონის გუნდის ბომბარდირმა, გამარჯვების გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა — 6:5!

MVP — ბექა სამყურაშვილი!

მეორე ტური 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს.



  © SBM, 2016-2026