„GM Vartsikhe“ ევროპის ბიზნესთასის საუკეთესო რვა გუნდს შორისაა!
ყველა სიახლე“GM Vartsikhe”-მ Euro Business Cup 2026-ის ჯგუფურ ეტაპზე წაუგებლად იასპარეზა და საუკეთესო 8 გუნდში მოიპოვა ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველებმა 1/8 ფინალის პირდაპირი საგზური გაიფორმეს და დამატებით შეხვედრას აღარ გამართავენ პლეი-ოფში მოსახვედრად.
თვალი გადავავლოთ GM-ის შედეგებს ჯგუფურ ეტაპზე. 8 ოქტომბერს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტრუმა ჩემპიონმა ორი შეხვედრა ჩაატარა.
პირველ მატჩში ქართველების მეტოქე მონტენეგროს წარმომადგენელი „Airports of Montenegro“ იყო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ჩვენი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი ბესო ფერაძემ 24-ე წუთზე გაიტანა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეხვედრის მიწურულს, 38-ე წუთზე შეძლო. შედეგად, გუნდებმა ქულები გაიყვეს.
დღის მეორე მატჩში „GM Vartsikhe“ თურქულ „Meteksan Matbaacilik“-ს დაუპირისპირდა. დაძაბულ შეხვედრაში ქართველები ორჯერ ჩამორჩებოდნენ ანგარიშში, თუმცა ორივეჯერ მოახერხეს მისი გათანაბრება.
მე-10 წუთზე ანგარიში გიორგი კუხიანიძემ გაათანაბრა, მეორე გამათანაბრებელი გოლი კი ოთარ ბერეჩიკიძის ანგარიშზეა - მან მეტოქის კარი 33-ე წუთზე აიღო.
გამარჯვების მომტანი გოლი კვლავ გიორგი კუხიანიძემ გაიტანა, რომელმაც ინტენსიური შეტევები 40-ე წუთზე გოლით დააგვირგვინა და „GM Vartsikhe“-ს პირველი გამარჯვება მოუტანა!
დაძაბული და პრინციპული დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ გიორგი კუხიანიძე დასახელდა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი - 10:0!
9 ოქტომბერს „GM Vartsikhe“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში თურქულ „Waben Filter“-ს დაუპირისპირდა. ქართულმა გუნდმა მეტოქეს ათი უპასუხო გოლი გაუტანა და ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
დუბლი შეასრულეს ბექა ტუღუშმა, ბესო ფერაძემ და ოთარ ბერეჩიკიძემ. თითო გოლი კი ქიმაძის, კინწურაშვილის, რაზმაძისა და კუჭაშვილის ანგარიშზეა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) ოთარ ბერეჩიკიძე დასახელდა.
ქართველები მერვედფინალში მეტოქის ვინაობას ელოდებიან. შეხვედრა დღეს გაიმართება.
გულშემატკივრებს ყველა მატჩის პირდაპირ ეთერში თვალის მიდევნება EMF Minifootball-ის YouTube-არხზე შეეძლებათ.

