2026/27 წწ. სეზონის დაწყებამდე ფუტსალის ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ყველა სიახლე30 სექტემბერს, ROOMS Hotel-ში, საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის 2026/27 წწ. სეზონის დაწყებამდე მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას გუნდების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც რეგულარული სეზონის ფორმატსა და პლეიოფის სისტემას გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ახალი სეზონის ვირტუალური წილისყრაც და გამოვლინდნენ პირველი ტურის მეტოქეები.
ჩემპიონატი 10-11 ოქტომბერს ლიგა 2-ის პირველი ტურით დაიწყება. 24 ოქტომბერს კი ლიგა 3 აიღებს სტარტს.
გვყავს დებიუტანტებიც. ფუტსალის ლიგა 3-დან ლიგა 2-ში გადმოინაცვლეს „ბათუმის სპორტულმა ცენტრმა“, „35-ე სკოლამ“ და „შევარდენი 2012-მა“, ჩემპიონატს ასევე შემოუერთდა „ლომისა 2“. ლიგა 2-ში კვლავ იასპარეზებენ „ქუთაისი“, ”UG2”, “FLC 03” და „რუსთავი“.
რაც შეეხება ლიგა 3-ს, წელს პირველად იასპარეზებს „ბრიჯი“. ახალგაზრდული ლიგიდან გადმოვიდა „ბაქსვუდი“ და ფუტსალში დაბრუნდა „ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. რაც შეეხება უკვე გამოცდილ გუნდებს, კვლავ ვიხილავთ „ილიაუნის“, „ს.ლ. აკადემიას“, „გრანდ ავლაბარს“, „თსუ 2“-ს და „ევროპის უნივერსიტეტს“.
ორივე ჩემპიონატის რეგლამენტი მსგავსია. გუნდები ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან, ¼ ფინალში ასპარეზობას ყველა მათგანი გააგრძელებს. პლეი-ოფში შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება, გარდა ფინალისა, რომელიც 3 მოგებამდე გასტანს. მეოთხედფინალიდან გამოვარდნილი გუნდები ასპარეზობას პლეი-აუთის ფაზაში ერთმატჩიანი დუელებით გააგრძელებენ.
წელს სიახლე იქნება თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობას სამოყვარულო ჩემპიონატის გუნდი მიიღებს. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლიტური ჩემპიონი „GM ვარციხე“ ძალებს პროფესიონალურ ტურნირში გამოცდის და თასზე თამაშის უფლების მოპოვებას ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის გუნდებთან ერთად შეეცდება.
ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრები 10-11 ოქტომბერს გაიმართება, ლიგა 3 კი სტარტს 24 ოქტომბერს აიღებს. მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.



