Betsson X SBMLeague: "GM Vartsikhe" კვლავ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდია!
ყველა სიახლე
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდი უცვლელია - GM Vartsikhe კვლავ ჩემპიონების ჩემპიონია.
5 ივლისს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთს ნაცნობი მეტოქეები „GM Vartsikhe” და „კროკობეთი“ დაუპირისპირდნენ. სუპერლიგის გამარჯვებულმა მეტოქე უშანსოდ დატოვა და საუკეთესო გუნდის ტიტული დაიცვა.
შეხვედრაში ანგარიში მეცხრე წუთზე გაიხსნა. მანამდე „ბუკმეიკერები“ მეტოქის შეტევების მოგერიებას ახერხებდნენ და თავადაც ქმნიდნენ შანსებს, თუმცა პირველ გოლს მალევე მოჰყვა კიდევ ორი და GM-მა ტაიმი 3-0 მოიგო.
მეორე ნახევრის საწყისი წუთებიც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გამოდგა შედეგიანი. სამ წუთში გუნდმა კიდევ სამი გოლი გაიტანა და სხვაობა იმდენად სოლიდური გახდა „კროკო“ უმოტივაციოდ დარჩა.
საბოლოო ანგარიში 8-1 დაფიქსირდა. ჩემპიონი გუნდიდან პოკერი შეასრულა ბექა ტუღუშმა, დუბლი და ოთხი საგოლე გადაცემაა გიორგი კუხიანიძის სახელზე.
მეთვრამეტე სეზონის შემაჯამებელი ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიიღო.
„კროკობეთის“ რიგებიდან საუკეთესო მოთამაშედ ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი, ზურაბ გარსევანიშვილი დასახელდა.
თასის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კუხიანიძე გახდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესი მწვრთნელის ტიტული GM Vartsikhe-ს მთავარ მწვრთნელს, ოთარ ბერეჩიკიძეს, გადაეცა, რომელმაც გუნდს ორი ყველაზე წონიანი ჩემპიონობა მოაპოვებინა.
დავით მუჯირი: "მინდა მადლობა გადავუხადო SBM-ის სააგენტოს წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში მონაწილეობისთვის. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და SBM. ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩართულობა, რაც ფუტსალის მიმართულებით კეთდება მათი მხრიდან და აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი პროექტი, სადაც პირადად მეც ვთამაშობდი.
დღეს ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური საჩუქარი გადმომცეს, თურმე 11 წლის წინ ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გავმხდარვარ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ყოველთვის მონაწილეობის მიღება. ამის შესაძლებლობას ახლა მოკლებული ვარ და ამიტომ როგორც სფფ-ს წარმომადგენელმა, მონაწილეობა მივიღე დაჯილდოებაში და ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი წლიდან წლამდე ვითარდება, მეტი ინტერესია და მეტი ფეხბურთელია ჩართული. მინდა ბიზნეს ლიგას წარმატება ვუსურვო.
ფინალი ძალიან საინტერესო იყო. ვერცხლის მედალოსნებს წარმატებებს ვუსურვებ. ფინალში დამარცხება სამწუხაროა, მაგრამ "კროკობეთი" ძალიან ემოციური გუნდი იყო და მე მესმის მათი. მთავარ გამარჯვებულს "GM Vartsikhe"-ს მინდა მივულოცო გამარჯვება და მომდევნო წლებშიც წარმატება ვუსურვო".
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონი დასრულდა. წლევანდელი ჩემპიონები არიან:
ბრინჯაოს ლიგა - ბაზისბანკი
ვერცხლის ლიგა - NS Studio
ოქროს ლიგა - შსს
სუპერლიგა - GM Vartsikhe
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდი - GM Vartsikhe
შევხვდებით მე-19 სეზონში!

