BetssonSBMLeague: მეგობრობის თასის ფინალში "არმია" და "ლიბერთი" იბრძოლებენ!
ყველა სიახლე
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეგობრობის თასის ფინალში „არმია“ და „ლიბერთი ბანკი“ ითამაშებენ.
28 ივნისს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ თასის ½ ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა და გამარჯვებულები სანახაობრივ შეხვედრებში გამოვლინდნენ.
„ლიბერთიმ“ „McGill“-ის დამარცხება უხვგოლიან მატჩში კომფორტული უპირატესობით შეძლო. „იურისტებმა“ ჩამორჩენის შემცირება მხოლოდ ზედიზედ მიღებული ექვსი ბურთის შემდეგ დაიწყეს, სხვაობა კი იმდენად სოლიდური იყო მეტოქეს ვეღარ მიუახლოვდნენ და 8-3 დამარცხდნენ.
შეხვედრაში დუბლის გაფორმა თორნიკე ხაზალაშვილმა შეძლო, რომელიც მოგვიანებით საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. McGill-ის რიგებიდან კი ორი ბურთი ლაშა ჯოხაძემ გაქვითა.
რაც შეეხება ½ ფინალის მეორე მატჩს, „ბაქსვუდისა“ და „არმიას“ დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, გამარჯვებული კი ერთადერთმა გატანილმა გოლმა გამოავლინა.
სათამაშო ტემპი საკმაოდ მაღალი იყო - გუნდები სახიფათო შეტევებს ცვლიდნენ. მეცხრე წუთზე „არმია“ წინ გურამ ხაჭაპურიძემ გაიყვანა, რომელმაც მთელი თამაში დაცვაშიც კარგად იმუშავა და საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
შედეგად, „არმია“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე წელს მესამე ფინალს ითამაშებს და მეორე თასის მოპოვების შანსი ექნება. თავის მხრივ, „ლიბერთი ბანკი“ კი სეზონის შედეგიანად დასრულებას შეეცდება.
მეგობრობის თასის ფინალური მატჩი 5 ივლისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13:00 საათზე გაიმართება.
პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა SBM.GE-ზე შეგეძლებათ.

