BetssonSBMLeague: ლიგის თასის ფინალში "საქართველოს ბანკი" და "ავერსი" ითამაშებენ!

ყველა სიახლე
24 ივნისი 2026

BetssonSBMLeague: ლიგის თასის ფინალში

ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის ლიგის თასის ფინალში „საქართველოს ბანკი“ და „ავერსი“ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ თასზე მონაწილეობას სუპერლიგისა და ოქროს ლიგის ის ოთხი გუნდი იღებს, რომლებმაც თავის ლიგაში ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვეს.

„საქართველოს ბანკმა“ „ენერგო-პრო“ მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში სანდრო შეყლაშვილმა გაიტანა, რის შემდეგაც „ბანკირების“ კარის დარაჯს, მამუკა საღრიშვილს, არა ერთხელ მოუწია საქმეში ჩართვა. „ენერგეტიკოსებმა“ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს და თასის გათამაშებას გამოეთიშნენ.

დაძაბული იყო „ავერსი“-სა და „ნიკორას“ დაპირისპირება. მაყურებელმა ოთხ ყვითელ ბარათთან ერთად ორი გაძევებაც იხილა. პაატა ლეჟავამ „ავერსი“ წინ მეოთხე წუთზე გაიყვანა და ტაიმიც 1-0 დასრულდა.

სხვაობა ორამდე კახაბერ გოგოხიამ გაზარდა. თამაში კიდევ უფრო დრამატული გახდა, „ავერსი“ ხუთ ჯარიმაზე იყო და „ნიკორასაც“ მიეცა შანსი ანგარიში გაეთანაბრებინა. გუნდს უკანასკნელ ორ წუთში ორი ათმეტრიანის შესრულება მოუწია, მაგრამ გიორგი ტიკურიშვილმა მხოლოდ ერთის გამოყენება შეძლო და მატჩი 2-1 დასრულდა.

ლიგის თასის ფინალური მატჩი 28 ივნისს, 14:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას sbm.ge-ზე შეძლებთ.



  © SBM, 2016-2026