"UG სკოლა" ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია!
ყველა სიახლე
10 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2025/26 წწ. სეზონის ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.
"ს.ლ. აკადემია 2"-მა "მცხეთის N1 სკოლა" დაძაბულ ბრძოლაში კვლავ დაამარცხა და ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია. ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში კი "UG სკოლა"-მ "ქვემო ქართლთან" იმარჯვა და სადებიუტო სეზონში მედლებს დაეუფლა.
ფინალისტებს შორის სანახაობრივი თამაში შედგა. პირველივე წუთებიდან მაღალი მუხტი იგრძნობოდა, რაც ანგარიშზეც აისახა. ალექსანდრე მარჩენკომ "მცხეთა" წინ მეორე წუთზე გაიყვანა. ტოლიკ კოდალაშვილმა წონასწორობა მე-15 წუთზე აღადგინა, რასაც მალევე მოჰყვა დაჩი კაპანაძის საპასუხო დარტყმა. კოდალაშვილმა კაპანაძის გოლიც გაქვითა. ტაიმის ბოლო წუთზე გუნდებმა კიდევ თითო ბურთი გაცვალეს და შესვენებაზე ანგარიშით 3-3 გავიდნენ.
მეორე ნახევარში ტოლიკ კოდალაშვილმა და ილია გოგოხია-ხატისკაცმა "სასკოლო აკადემიას" ორბურთიანი უპირატესობა შეუქმნეს, რის შემდეგაც მდევრის როლში "მცხეთელებმა" გადაინაცვლეს. უკანასკნელ ხუთ წუთში გუნდმა თავისი შანსები მიიღო, მაგრამ სამი ათმეტრიანად ვერც ერთის გამოყენება შეძლო, დათა ქირიამ მათგან ორი მოიგერია, ერთი კი არაზუსტი აღმოჩნდა.
მიხეილ ჩალათაშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ გაფუჭებული ათმეტრიანების წყალობით გამარჯვებული უცვლელი დარჩა - "ს.ლ. აკადემია 2"-მა 5-4 იმარჯვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი გოდერძიშვილი დასახელდა, რომელმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა და ტოლიკ კოდალაშვილს ორი გოლი გაატანინა.
რაც შეეხება მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩს, UG სკოლა-მ "ქვემო ქართლი" მარტივად დაამარცხა, ანგარიშით 7-2.
საწყის 10 წუთში "სკოლის" ბიჭები წინ სამი ბურთით გავიდნენ; ამას დაემატა პირველივე ტაიმშივე ალექსანდრე ღარიბოვის მიერ მოგერიებული სამი ათმეტრიანი და "UG სკოლა" შესვენებაზე როგორც ანგარიშში (4-1), ასევე ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიდა.
სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. "ქვემო ქართლმა" შეხვედრის შემოტრიალება ვერ შეძლო და სადებიუტო სეზონი მედლების გარეშე დაასრულა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მაკასარაშვილი დასახელდა, რომლის აქტივშიც ორი გოლია. აღსანიშნავია, რომ ჰეთ-თრიკი შეასრულა ცოტნე ლალიაშვილმა, მეტოქე გუნდიდან კი ორივე გოლის ავტორი ლადო ჩიმაკაძეა.
ახალგაზრდული ლიგის საჩემპიონო სერიის მესამე დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15 ივნისს გაიმართება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა ლიგის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ: sbm.ge

