"ბსსა" ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში "თსუ"-ს მეტოქე იქნება!

ყველა სიახლე
13 ივნისი 2026

"ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია" ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში პირველად ითამაშებს. "მეზღვაურებმა" "UG 2-თან სერია ორ თამაშში დახურეს და ჩემპიონობისთვის "თსუ"-ს დაუპირისპირდებიან. 

10 ივნისს "ბსსა"-მ განმეორებითი მატჩი პირველ შეხვედრასთან შედარებით მარტივად მოიგო. საწყის 10 წუთში მიღებულმა ოთხმა გოლმა "UG"-ს განწყობაზე შესაბამისად იმოქმედა, გუნდმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო. სპარტაკ ლომიძემ მე-16 წუთზე დუბლი გაიფორმა და ტაიმი 5-1 დასრულდა.

"შავიზღვისპირელებმა" მოწინააღმდეგეს თამაშში დაბრუნების საშუალება არც მეორე ნახევარში მისცეს. აქტივში დუბლი მოსე ჩიკიროვმაც ჩაიწერა, მოგვიანებით კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე მათე მამაგეიშვილმა გიორგი ქავთარაძის ათმეტრიანიც მოიგერია და საბოლოო ანგარიში 7:3 დაფიქსირდა. 

"ბსსა" ლიგა 2-ის ფინალში პირველად იასპარეზებს, მისი მეტოქე კი ორგზის გამარჯვებული "თსუ"-ია, რომელსაც რეგულარულ სეზონში მეხუთე ტურში განცდილი მარცხის შემდეგ მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია (18 მატჩი).

ფუტსალის ლიგა 2-ის 2025/26 წწ. სეზონის ფინალური შეხვედრები სტარტს 15 ივნისს აიღებს, მესამე ადგილისთვის ამავე დღეს ითამაშებენ "ქუთაისი" და "UG 2". საჩემპიონო სერია სამ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი ორ მოგებამდე გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2026