BetssonSBMLeague: "ჯორჯიან მანგანეზი" სუპერლიგის ჩემპიონია!
ყველა სიახლე
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი „ჯორჯიან მანგანეზი“ გახდა.
24 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფინალური დაპირისპირება გაიმართა. „GM“-მა გასულ სეზონში ოქროს ლიგის ფინალური მეტოქე „კროკობეთი“ ამჯერადაც დაამარცხა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
ტრიბუნაზე შექმნილი განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროს ფონზე გუნდებმა დაძაბული და სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზეს. „კროკომ“ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ დროის ამოწურვამდე სამი წუთით ადრე გაშვებულმა გოლმა თამაშის ტემპი რადიკალურად შეცვალა, რასაც „GM“-ის მხრიდან კიდევ ერთი გოლი მალევე მოჰყვა და მატჩი 4-1 დასრულდა.
პირველ ტაიმში გუნდები ფრეზე გაიყარნენ. ანგარიში მე-13 წუთზე ბექა ტუღუშმა გახსნა. წონასწორობა ლევან მაჭავარიანმა აღადგინა. „ჯორჯიან მანგანეზი“ წინ კიდევ ერთხელ ლევან კუჭაშვილის გოლით 25-ე წუთზე გავიდა. ამ დროისთვის „კროკო“ ჯერ კიდევ თამაშში იყო და უპირატესობით შეტევასაც ცდილობდა, მაგრამ ბექა რაზმაძის გოლმა ყველაფერს წერილი დაუსვა. საფინალო სირენამდე კი ბექა ტუღუშმა დუბლი გაიფორმა.
დაძაბული იყო სუპერლიგის მესამე ადგილისთვის გამართული მატჩიც. „საქართველოს ბანკმა“ და „ნიკორამ“ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს, საბოლოოდ გამარჯვება კი „საქართველოს ბანკს“ დარჩა, ანგარიშით 3-2.
„BOG” პირველი ტაიმის შემდეგ ილია ქემაშვილის გოლით იგებდა. 26-ე წუთზე ანგარიში საბა ნონიაშვილმა გაათანაბრა. მიღებულ გოლს რამდენიმე წამში დიმიტრი ხუციანიძემ უპასუხა, შოთა ღვინიაშვილმა კი სხვაობა ორამდე გაზარდა. დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე გიორგი დვალმა შეამცირა, მაგრამ დარჩენილი დრო „ნიკორას“ აღარ ეყო და ჩემპიონატი მედლების გარეშე დაასრულა.
ფინალური შეხვედრების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ.
საუკეთესო მეკარე - მამუკა საღრიშვილი (BOG)
საუკეთესო მცველი - გიორგი ბერიშვილი (GM)
საუკეთესო უნივერსალი - ზურაბ გარსევანიშვილი (კროკო)
საუკეთესო ასისტენტი - გიორგი კუხიანიძე (6) (GM)
საუკეთესო თავდამსხმელი - ნუგზარ გოგაშვილი (კროკო)
საუკეთესო ბომბარდირი - ბექა ტუღუში (9) (GM)
სუპერლიგის 2025/26 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ბექა ტუღუში დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ფინალისტები ასპარეზობას ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის გააგრძელებენ, რომლის მოქმედი მფლობელიც "ჯორჯიან მანგანეზია".




