ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი ნახევარფინალისტი „დუშეთია“!

ყველა სიახლე
24 მაისი 2026

ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი ნახევარფინალისტი „დუშეთია“!

ფუტსალის ლიგა 3-ში 22 და 23 მაისს ¼ ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

2 მატჩიან დაპირისპირებაში მეტოქის დამარცხება მხოლოდ „დუშეთმა“ მოახერხა, დანარჩენ წყვილებში კი სერიაში ანგარიში 1:1 გახლავთ.

„თსუ 2“ VS “EU” – 3:1

უნივერსიტეტული დერბის განმეორებით შეხვედრაში „თესეუელებმა“ „ევროპის უნივერსიტეტი“ დაჯაბნეს და მესამე მატჩის თამაშის უფლება მოიპოვეს. ანგარიში გუნდის კაპიტანმა დავით ბერიამ მე-3 წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. გატანილი გოლის შემდეგ 4 წუთში ბერიამ საგოლე გადაცემა დავით ბაბუციძეს გაუკეთა - 2:0.

პირველ ნახევარში „EU”-მ ერთი გოლის გატანა შეძლო, ცოტნე ჩილაჩავამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 2:1. მეორე ნახევრის მიწურულს დავით ბერიამ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ დავით ბერია დასახელდა.

„35-ე სკოლა“ VS “ილიაუნი“ – 1:6

წაგებული პირველი თამაშის შემდეგ რეგულარული სეზონის ვიცე-ჩემპიონმა მეორე მატჩის მოგება მოახერხა. ანგარიში აკაკი ქიმერიძემ გახსნა, რის შემდეგაც „სკოლის ბიჭებს“ გოლი აღარ გაუტანიათ. მიჯრით 6 გოლის გატანა კი ილიაუნმა გიორგი ნოზაძის დუბლით, ლუკა სიჭინავას, ბექა მამაგულაშვილის, დავით ჩაჩიბაიას და საბა კუხიანიძის გოლებით მოახერხა.

„ილიაუნმა“ მეტოქე უშანსოდ დაამარცხა, ნახევარფინალისტის ვინაობა კი მესამე შეხვედრაში გამოვლინდება.

MVP - საბა კუხიანიძე. „ილიაუნის“ მეკარემ გოლის გატანა, 2 საგოლე გადაცემის შესრულება და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთის მოგერიება მოახერხა.

“BSC” VS “დუშეთი“ – 4:7

დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს „დუშელებმა“ ნახევარფინალის საგზური. პირველი ნახევარი „ბათუმის სპორტული ცენტრის“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა. მეორე ტაიმში კი „დუშეთმა“ მოწინააღმდეგე საგრძნობლად დაჯაბნა, გუნდმა 4 გოლი გაიტანა ისე, რომ უკან აღარ გაუშვიათ. დუბლით თავი ნოდარ მწითურმა და ვახო ჭიკაიძემ იჩინეს. „ბათუმელთა“ მხრიდან 2 გოლი ლუკა ჩარგეიშვილმა გაიტანა.

MVP - ვახო ჭიკაიძე

„დუშელები“ ნახევარფინალში „ილიაუნსა“ და „35-ე სკოლას“ შორის საუკეთესოს ელოდებიან.

“SL ACAMDEMY” VS „შევარდენი 2012“ - მატჩი, სადაც გამარჯვებული თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გამოვლინდა.

ლიგა 3-ის საუკეთესო გამტანმა, გიორგი ხიდეშელმა „ქუთათურები“ დააწინაურა. ილია გეწაძემ და ნიკა უთრუგაშვილმა კი „აკადემიას“ პირველი ტაიმი მოაგებინეს. მეორე ნახევარში ამირან ონიანის და გიორგი ხიდეშელის გლებით „შევარდენი“ წინ გავიდა - 2:3. ლიდერი მატჩში კიდევ ერთხელ შეიცვალა, 2 წუთიან მონაკვეთში გაგა სამარგულიანმა და აკაკი ჯეჯეიამ მოახერხეს გატანა და ანგარიში 4:3 გახდა.

ლუკა გურეშიძის პასით გიორგი ძიგრაშვილმა ისარგებლა და წონასწორობა კიდევ ერთხელ აღდგა - 4:4. გადამწყვეტი და თამაშის მომგები გოლი კი აკაკი ჯეჯეიას სახელზეა. გიორგი გოდერძიშვილის გამოზომილი გადაცემის შემდეგ ჯეჯეიამ გაიტანა და ამ წყვილშიც მესამე, გადამწყვეტი თამაში გახდა საჭირო.

MVP - აკაკი ჯეჯეია!

¼ ფინალის მესამე თამაშები 25 და 26 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, სადაც ნახევარფინალისტები გამოვლინდებია. პირდაპირი ტრანსლაციების ხილვას კი SBM.GE- ზე შეძლებთ.



  © SBM, 2016-2026