"ს.ლ. აკადემია 2" და "I სკოლა მცხეთა" 1/2 ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ!
ყველა სიახლე
16 მასს თბილისი არენაში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2025/26 წწ. სეზონის პირველი ½ ფინალური შეხვედრები გაიმართა. სერიაში „ს.ლ. აკადემია 2“ და „I სკოლა მცხეთა“ დაწინაურდნენ.
„ს.ლ. აკადემია 2“-მა „UG სკოლა“ 5-1 დაამარცხა და თამაშითაც ანგარიშის შესაბამისად აჯობა. შეხვედრაში „UG სკოლა“ მეექვსე წუთზე ავტო-გოლით დაწინაურდა. ბესო ადამაშვილმა წონასწორობა რამდენიმე წუთში აღადგინა. ტაიმის დასრულებამდე „აკადემიელები“ წინ ორი ბურთით გავიდნენ, რასაც შესვენების შემდეგ კიდევ ორი გოლი მოჰყვა. დუბლი გაიფორმეს ილია გოგოხია-ხატისკაცმა და ბესო ადამაშვილმა, ეს უკნასკნელი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები „ქვემო ქართლისა“ და „I სკოლა მცხეთის“ დაპირისპირებაში. მე-12 წუთზე ანგარიში 1-1 იყო. ლუკა გიორბელიძის დუბლით „ქართლელები“ შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმშიც პირველი „ქვემო ქართლმა“ შეაგდო და ანგარიში 4-1 გახადა. თითქოს „მცხეთელების“ ჩამორჩენა უკვე სოლიდური იყო, მაგრამ საქმეში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დაჩი კაპანაძე, ჩაერთო, რამაც სცენარი სრულიად შეცვალა. დაჩი კაპანაძემ ალექსანდრე მარჩენკოს შედეგიანი გადაცემებით ჰეთ-თრიკი შეასრულა, ორი თავად მარჩენკომაც გაიტანა და საბოლოოდ „I სკოლა მცხეთამ“ 6-4 იმარჯვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე მარჩენკო დასახელდა - 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა.
აღნიშნულ მატჩში დაგროვილი მონაგარით დაჩი კაპანაძე ახალგაზრდული ლიგის ახლანდელ ბომბარდირს, ლევან ბენდელიანს, მიუახლოვდა და სულ რაღაც ორი ბურთით ჩამორჩება (39/41). თავის მხრივ, ალექსანდრე მარჩენკომაც გადაასწრო ლაზარე ჯავაშვილს ასისტებში და უკვე 3 გადაცემით ლიდერობს (23/20). ლაზარე ჯავაშვილი, რომელიც UG სკოლას ღირსებას იცავს, ჯერ კიდევ არის ბრძოლაში, ლევან ბენდელიანი („ლოგოსი“) კი ჩემპიონატს გამოეთიშა, რაც დაჩი კაპანაძის ბომბარდირობის შანსებს ზრდის.
ახალგაზრდული ლიგის განმეორებითი ½ ფინალური შეხვედრები 22 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

