"ქუთაისი" და "ბსსა" ფუტსალის ლიგა 2-ის 1/2 ფინალში არიან!

ყველა სიახლე
19 მაისი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ის 2025/26 წწ. სეზონი დასკვნით ფაზს მიუახლოვდა. არასრული ¼ ფინალები ორივე წყვილში ორ თამაშში დასრულდა და ½ ფინალისტები გამოვლინდნენ.

16 მაისს თბილისი არენამ „რუსთავისა“ და „ქუთაისის“ განმეორებით მატჩს უმასპინძლა. „იმერლებმა“ მეტოქეს უშანსოდ მოუგეს, ანგარიშით 6-0 და ფინალში მოსახვედრად პლეი-ოფში კარგად ნაცნობ მეტოქეს, „თსუ“-ს შეხვდებიან.

„რუსთავმა“ პირველ ტაიმში ორი ბურთი გაუშვა. მეორე ნახევარში „ქუთაისის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და „ქუთათურებს“ უკვე სრული დომინაცია ჰქონდათ. გიორგი ფარღალავამ აქტივში სამი გოლი მიითვალა. თითო ბურთით დაეხმარნენ გუნდს გამარჯვებაში ბაკურ გულუა, ომარ ცარიელაშვილი და ლუკა გურეშიძე.

საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ფარღალავა (3 გოლი)

„ბსსა“-სა და „FLC03-2”-ს შორის მატჩი 17 მაისს გაიმართა. „შავიზღვისპირელებისთვის“ „ფალკონები“ პლეი-ოფურ ზონაში უხერხულ მეტოქეს წარმოადგნენ. გასულ სეზონში გამარჯვება „FLC 03“-ს დარჩა, მანამდე კი მოგეხსენებათ გუნდი „ჯიპა“-ს სახელით ასპარეზობდა და ლიგა 3-შიც გამოთიშა „ბსსა“ გათამაშებას.

მიმდინარე სეზონში „ბსსა“-მ რევანშის აღება შეძლო და ½ ფინალის საგზური თავად მოიპოვა. განმეორებითი შეხვედრა მათ სასარგებლოდ 6-4 დასრულდა. პირველ ტაიმში გატანილმა ოთხმა ბურთმა, ფაქტობრივად, გადაწყვიტა მატჩის ბედი. მეორე ნახევარში ლევან კოშაძის დუბლით და დავით ბერაძის ათმეტრიანით სხვაობა შემცირდა, თუმცა არც „ბათუმელები“ იყვნენ გულხელდაკრეფილები და რაულ ჩიკიროვის დუბლით უპირატესობაც შეინარჩუნეს.

საუკეთესო მოთამაშე - რაულ ჩიკიროვი (დუბლი და 1 საგოლე გადაცემა)

შესაბამისად, ½ ფინალში „ქუთაისი“ „თსუ“-ს პრინციპულ მეტოქეობას და „ბსსა“ „UG 2“-ის ბრძოლას ვიხილავთ. ფინალში მოსახვედრად გუნდები ორ მოგებამდე ითამაშებენ.

სერიის პირველ დაპირისპირებას 26 მაისს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. შეხვედრების პირდაპირ ეთერში ნახვა ლიგის ოფიციალურ არხებზე შეგეძლებათ:

SBM.GE

Facebook

Youtube



  © SBM, 2016-2026