BetssonSBMLeague: მეგობრობის თასზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ!
ყველა სიახლე
17 მაისს თბილისი არენამ ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის მეგობრობის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა.
მეგობრობის თასზე საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის ყველა გუნდი იღებს მონაწილეობას, ერთმატჩიანმა დუელმა კი მომდევნო ეტაპზე გამსვლელები გამოავლინა.
¼ ფინალში „ლიბერთი ბანკი“, „ბაქსვუდი“, „არმია“, „Everstone”, „ენერგო-პრო“, „TBC უზბეკეთი“, „McGill” და „26“ ითამაშებენ.
“ლიბერთი ბანკმა“ გამარჯვება “AMTS”-თან მოიპოვა. მატჩი 5-1 დასრულდა. „ბანკირებმა“ უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს და შეხვედრის ბოლომდე დომინირებდნენ. „ლიბერთის“ რიგებიდან დუბლის გაფორმება კახა გოგოხიამ შეძლო, საუკეთესოდ კი მეკარე, ნიკოლოზ მუშკუდიანი დასახელდა, რომელმაც კარგ თამაშთან ერთად, აქტივში გოლიც მიითვალა.
მოულოდნელი სცენარით წარიმართა „არმიასა“ და „მშრალი პორტის“ მატჩი. წყვილში ფავორიტი „არმია“ მე-15 წუთზე ანგარიშით 2-1 მარცხდებოდა. „ძალოვნებმა“ მალევე აღადგინეს წონასწორობა და დარჩენილ დროში მეტოქეს ორი ბურთით გაასწრეს - საბოლოოდ კი 4-2 იმარჯვეს. ჰეთ-თრიკი შეასრულა დავით კოხრეიძემ, ორი საგოლე გადაცემით შმაგი ჭოხონელიძე გამოირჩა.
გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდების მორიგი დაპირისპირებაც დაძაბული გამოდგა. გამოცდილმა „ავერსმა“ „Everstone” ვერც ძირითად დროში დაამარცხა და ვერც პენალტებში აჯობა. გუნდები პირველ ტაიმში უგოლო ფრეზე გაიყარნენ. თორნიკე ქართველიშვილის გოლით „ევერსტონი“ მე-15 წუთზე დაწინაურდა. ბოლო წუთზე ანგარიში ლევან ლეჟავამ გაათანაბრა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც საკვალიფიკაციო ლიგის ფინალისტმა 3-2 იმარჯვა.
„ენერგო-პრომ“ „ბეთსონი“ 2-1 დაამარცხა. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. გადამწყვეტი გოლი ლაშა ნინიკაშვილმა მე-18 წუთზე გაიტანა, რამაც „ენერგეტიკოსები“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ფინალისტმა გრანდ ლიგის ფინალისტი დაამარცხა. „TBC უზბეკეთმა“ „არსენალს“ 4-2 სძლია. შეხვედრის ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. გიორგი ურთაშვილს გიორგი ჭანტურიამ მალევე უპასუხა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა, მაგრამ „ბანკირებმა“ ორბურთიანი გაქცევა მაინც შემოგვთავაზეს. გიორგი კორიფაძემ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო (3-2), მაგრამ დემეტრე უგრეხელიძემ აღადგინა გუნდის უპირატესობა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ „McGill“-მა და „G.B.A.”-მ თასის 1/8 ფინალური მატჩი 3 მაისს ჩაატარეს, სადაც გამარჯვება “McGill“-ს დარჩა, ანგარიშით 4-3.
შედეგად, სალვალიფიკაციო ლიგიდან მხოლოდ ფინალისტებმა შეძლეს გრანდ ლიგის გუნდების დამარცხება, სხვა წყვილებში კი გამარჯვება უკვე კარგად გამოცდილ გუნდებს დარჩათ.
მეგობრობის თასის ¼ ფინალში შემდეგი წყვილები მივიღეთ:
„26“ VS „ბაქსვუდი“
„არმია“ VS „Everstone”
“McGill VS TBC უზბეკეთი“
„ენერგო-პრო“ VS „ლიბერთი ბანკი“
მეგობრობის თასის ¼ ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 ივნისს გაიმართება.




