ფუტსალის ლიგა 3-ში ¼ ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა!

ყველა სიახლე
14 მაისი 2026

ფუტსალის ლიგა 3-ში ¼ ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა!

12 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის ¼ ფინალური თამაშები გაიმართა.

პირველ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება „დუშეთმა“, „შევარდენი 2012“-მა, „35-ე სკოლა“-მ და „EU”-მ შეძლეს.

„დუშეთი“ VS „BSC” – 6:4.

“დუშელებმა“ „ბათუმის სპორტული ცენტრი“ დაამარცხეს და სერიაში დაწინაურდნენ. პირველი ნახევარი ფრედ 2:2 დასრულდა. „დუშეთის“ რიგებიდან თავი ცოტნე ლალიაშვილმა და გიორგი ლაგაზაშვილმა იჩინეს, „ბათუმელთა“ მხრიდან კი ლუკა ჩანქსელიანის გოლი და ვახო ჭიკაიძის ავტოგოლი ვნახეთ.

29-ე წუთისთვის ანგარიში 3:4 „სპორტული ცენტრის“ სასარგებლოდ იყო.

მეორე ნახევრის მიწურულს „დუშელები“ გააქტიურდნენ, მეტოქეს მიჯრით 3 გოლი გაუტანეს და შეხვედრის შემოტრიალება მოახერხეს. გოლების გატანა თორნიკე თოდრიამ, ნიკა კუპრავიშვილმა და ცოტნე ლალიაშვილმა შეძლეს.

MVP - ნიკა კუპრავიშვილი.

„შევარდენი 2012“ VS „SL ACADEMY” – 8:4

შეხვედრის პირველი ნახევარი „შევარდენის“ სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

დუბლი გიორგი იდაძემ შეასრულა, ერთი კი გიორგი ხიდეშელმა გაიტანა და „ქუთათურები“ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.

27-ე წუთისთვის მოპოვებული 3 ბურთიანი ჰანდიკაპი 5-მდე გაიზარდა. შემდეგ იყო „აკადემიელების“ მონაკვეთი, როცა გუნდმა 3 ბურთი გაიტანა და ინტრიგა დაბრუნდა მატჩში, თუმცა „შევარდენმა“ კიდევ მოახერხა 3-ის გატანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ხიდეშელი დასახელდა - პოკერი!

„ილიაუნი“ VS „35-ე სკოლა“ – 4:6.

დღის ერთ-ერთი დაძაბული დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვება „35-ე სკოლას“ დარჩა.

პირველი გოლის გატანა და ანგარიშის გახსნა გიორგი კოზმავამ მოახერხა, შემდეგ კი იყო „ილიაუნელთა“ ზედიზედ სამი გოლი - 3:1.

ტაიმის მიწურულს აკაკი ქიმერიძემ ერთი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 3:2.

მეორე ნახევარში ანტონ იზორიას და ნიკა მააცაშვილის გოლებით 28-ე წუთზე „სკოლის გუნდი“ დაწინაურდა.

ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა ბიბილეიშვილის გოლით, მაგრამ დარჩენილ დროში მომენტების რეალიზება „ნომინალურ სტუმრებს“ გამოუვიდათ და შეხვედრის მოგებაც მოახერხეს - 4:6.

დუბლის შესრულება ბიბილეიშვილმა, ქიმერიძემ და კოზმავამ შეძლეს.

MVP - ანტონ იზორია.

„EU” VS „თსუ 2“ – 6:2.

უნივერსიტეტული დერბის პირველ შეხვედრაში გამარჯვება „ევროპის უნივერსიტეტს“ დარჩა.

პირველი პერიოდი 3:1 ანგარიშით „EU”-ს სასარგებლოდ დასრულდა. გოლების გატანა ცოტნე ჩილაჩავამ, ნიკა ქარცივაძემ და ლუკა ბიბლაიამ შეძლეს. „თსუ“-დან თავი გიორგი შათირიშვილმა იჩინა.

პირველი ნახევრის მსგავსად, მეორე ტაიმშიც „ევროპის უნივერსიტეტმა“ აჯობა მოწინააღმდეგე გუნდს და იდენტური ანგარიშით 3:1 იმარჯვა.

ნიკა ქარცივაძემ საკუთარ მონაგარს კიდევ 2 გოლი დაუმატა - ჰეთრიქი.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ბიბლაია დასახელდა, სერიაში კი EU დაწინაურდა.

¼ ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები 22 და 23 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

LIVE – SBM.GE



  © SBM, 2016-2026