BetssonSBMLeague: ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონი "ბაზისბანკი" გახდა!
ყველა სიახლე
10 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის ბრინჯაოს ლიგის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
„თელასსა“ და „ბაზისბანკს“ შორის გამართული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ჩემპიონი პენალტების სერიაში გამოვლინდა. „ბაზისბანკმა“ მეტოქეს 4-3 აჯობა და ბრინჯაოს ლიგის თასს დაეუფლა.
შეხვედრაში ანგარიში არჩილ კელიხაშვილმა მესამე წუთზე გახსნა. პირველივე ტაიმში „ენერგეტიკოსებმა“ წონასწორობა ლუკა გოგუაძის გოლით აღადგინეს. მთელი თამაშის განმავლობაში ორივე გუნდის მეკარეს არა ერთი შესანიშნავი მოგერიება ჰქონდა, რამაც საბოლოო ანგარიში, ფრე, გამოიწვია.
პენალტების სერიაში უკეთესი გია გონგაძე გამოდგა - ერთი მოგერიებული და ერთიც კარს აცდენილი დარტყმით, „ბაზისბანკმა“ ჩემპიონობა იზეიმა.
ბრინჯაოს ლიგის მესამე ადგილოსანი „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გახდა. TTC-მ „ბანკი ქართუს“ 3-2 სძლია.
პირველი ტაიმის ბოლოს წინ „ბანკირები“ გავიდნენ, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „TTC”_მ ანგარიში გაათანაბრა და დაწინაურდა კიდეც, 22-ე წუთზე კი სხვაობა ორბურთიანი გახდა. „ქართუმ“ ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, მაგრამ თამაში მეტად ვეღარ გაამწვავა და ბრინჯაოს ლიგის სეზონი უტიტულოდ დაასრულა.
ფინალური შეხვედრების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. ბრინჯაოს ლიგის 2025/26 წწ. სეზონში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები არიან:
საუკეთესო მეკარე - გია გონგაძე „ბაზისბანკი“
საუკეთესო მცველი - გიორგი სოზაშვილი „თელასი“
საუკეთესო უნივერსალი - ლევან ჩიხრაძე „ბაზისბანკი“
საუკეთესო ასისტენტი - არმიან ცხომარია „თელასი“ (6)
საუკეთესო თავდამსხმელი - ლუკა გოგუაძე „თელასი“
საუკეთესო ბომბარდირი - მიხეილ თოფურია „ბაზისბანკი“ (8)
ბრინჯაოს ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ტიტული დიმიტრი მაყიშვილს „ბაზისბანკი“ ერგო.
გასულ სეზონში „ბაზისბანკი“ ბრინჯაოს ლიგაში ვერცხლის მედლებს დასჯერდა, წლევანდელი სეზონი კი „ბანკირების“ ტრიუმფით დასრულდა.




