ფუტსალის ლიგა 2-ში საპლეიოფო შეხვედრები იწყება!
ყველა სიახლე
3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი დასრულდა. გუნდების მომდევნო ეტაპი პლეიოფია, სადაც 6 გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგა-2ის თასისთვის გაიბრძოლებს.
¼ ფინალური ეტაპი 8 მაისს, „ქუთაისი“ VS „რუსთავის“ შეხვედრით გაიხსნება, იქამდე კი მოგახსენებთ გუნდების სტატისტიკას და რეგულარული სეზონის შედეგებს.
სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი „თსუ“-მ დაიკავა და რეგულარული სეზონის ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. „თესეუელებმა“ პირველ ადგილზე გასვლით, პირდაპირ ნახევარფინალური საგზურის მოპოვება შეძლეს. მათთან ერთად ნახევარფინალში თავის მეტოქეს ელოდება „UG 2”-იც.
რაც შეეხებათ დარჩენილ 4 გუნდს, „ქუთაისი“ „რუსთავს“ გაეჯიბრება, ხოლო „ბსსა“ „FLC03-2”-ს.
„თესეუელებმა“ რეგულარულ სეზონში 52 ქულა დააგროვეს, გაიტანეს 117 (ყველაზე მეტი) და გაუშვეს 50 (ყველაზე ცოტა) გოლი.
ჩატარებული 20 შეხვედრიდან 17-ის მოგება მოახერხეს, 1 ფრედ დაასრულეს, 2 თამაში კი დათმეს.
როგორც გუნდის, ისე ლიგის ბომბარდირი რომან კუხიანიძეა. „თსუ“-ს მეთერთმეტე ნომერს მიმდინარე სეზონში 29 გოლი აქვს გატანილი. ამასთან ერთად კუხიანიძე საგოლე გადაცემებშიც ლიდერობს (13). გუნდის მეორე საუკეთესო მეპასე გიორგი კურტანიძეა - 12 საგოლე გადაცემა.
„UG 2”-მა მეორე ადგილის დაკავება 38 ქულით მოახერხა. „უნივერსიტეტელებმა“ 12 თამაში მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 6 შემთხვევაში კი დამარცხდნენ.
გატანილი - 86 გოლი.
გაშვებული - 56 გოლი (მეორე საუკეთესო შედეგი).
გატანილ გოლების კუთხით გამოირჩევა ლევან იახტნიშვილი, რომელსაც 13 ჩატარებულ შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი.
გაკეთებულ საგოლე პასებში ივიკო ჭარაქაშვილი ლიდერობს, ჭარაქაშვილის ანგარიშზე 7 მატჩში 7 ასისტია.
მესამე პოზიციაზე გასულმა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ" 36 ქულა დააგროვა.
„ბათუმელებმა“ 11 მატჩში იმარჯვეს, 3 ფრედ დაასრულეს, 6-ჯერ კი დამარცხდნენ.
ლიგის მეორე საუკეთესო გამტანი „აკადემიელთა“ 3 ნომერი, სპარტაკ ლომიძეა. ლომიძემ 15 თამაშში 23-ჯერ შეძლო მეტოქე გუნდების კარის აღება.
ბექა ლორიას და მალახაზ შამილაძეს კი თანაბარი რაოდენობის, 10-10 ასისტი აქვთ გაკეთებული.
„შავიზღვისპირელებმა“ 97 გოლი გაიტანეს (მეორე საუკეთესო შედეგი), 84 კი გაუშვეს.
მათი მეტოქე ¼ ფინალში „FLC 03-2” იქნება. გუნდები მიმდინარე სეზონში 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 3 თამაშის მოგება „ბსსა“-მ შეძლო, 1 კი საყაიმო ანგარიშით დასრულდა (3:3).
„ქუთაისმა“ ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა და 25 ქულის დაგროვება მოახერხა.
„ქუთათურებმა“ რეგულარულ სეზონში 7 თამაში მოიგეს, 9 დათმეს, 4 შემთხვევაში კი მატჩი ფრედ დაასრულეს.
გატანილი - 60 გოლი.
გაშვებული - 82 გოლი.
ბაკურ გულუა ლიდერობს გუნდს გატანილი გოლების ასპექტში, კაპიტნის ანგარიშზე 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
„ქუთაისის“ მეტოქე ¼ ფინალში „რუსთავი“ იქნება. რეგულარულ სეზონში გუნდების გზა 4-ჯერ გადაიკვეთა, საიდანაც 2 შემთხვევაში გამარჯვება „იმერლებს“ დარჩათ (4:1, 4:1), ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა (3:3, 2:2).
რაც შეეხება „რუსთავს“, გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა ცხრილში და 16 ქულის აღება შეძლო. 4 თამაშის მოგება მოახერხეს, 4 ფრედ დაასრულეს, 12 კი წააგეს.
„რუსთაველებმა“ ჩატარებულ 20 თამაშში 60 გოლი გაიტანეს, 90 კი საკუთარ კარებში მიიღეს.
გუნდის საუკეთესო გამტანი ალექსანდრე გოგოლაძეა, რომელიც 20 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილს იკავებს. გოგოლაძე ასევე გამოირჩევა საგოლე გადაცემებშიც - 8.
და ბოლოს „FLC 03-2” – „ფალკონებმა“ ცხრილში ბოლო პოზიცია დაიკავეს. წააგეს 17 მატჩი, 2 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვების მოგროვება. დაგროვებული ქულათა რაოდენობა - 5.
გაიტანეს ყველაზე ცოტა 39 გოლი და გაუშვეს ყველაზე მეტი 103 ბურთი.
4-4 გოლი აქვთ გატანილი დავით უბილავას, ლუკა კანკავას, თორნიკე ზოიძეს და ლევან კოშაძეს.
1/4 ფინალი - „ქუთაისი“ VS „რუსთავი“.
1/4 ფინალი - „ბსსა“ VS „FLC 03-2”.
ორივე შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ.
„თსუ“ ნახევარფინალში „ქუთაისსა“ და „რუსთავს“ შორის გამარჯვებულს დაელოდება.
„UG 2” კი „ბსსა“-ს და „FLC 03-2”-ს შორის უკეთესს შეხვდება.

