BetssonSBMLeague - გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის ფინალისტები ცნობილია!
ყველა სიახლე
3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის ½ ფინალური შეხვედრები გაიმართა.
გრანდ ლიგის ტრადიციულმა ფინალისტმა „არმიამ“ ზედიზედ მეხუთედ შეძლო დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება. სამგზის ჩემპიონებმა „ლიბერთი“ დაძაბულ შეხვედრაში 2-1 დაამარცხეს. ნიკოლოზ უგრეხელიძემ ანგარიში მესამე წუთზე გახსნა და „ძალოვნებმა“ ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგეს. ნიკა ფანცულაიამ მეოცე წუთზე შეძლო წონასწორობის აღდგენა და მატჩის მიმდინარეობაც კიდევ უფრო დრამატული გახდა.
გოლის მიღებიდან არსრულ ერთ წუთში შმაგი ჭოხონელიძემ გურამ ხაჭაპურიძის გათამაშებული კუთხური შედეგიანად გამოიყენა და „არმიამ“ ½ ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.
გრანდ ლიგის მეორე ფინალისტი, ლიგის დებიუტანტი, „არსენალი“ იქნება. „არსენალმა“ რეგულარული სეზონის ჩემპიონი „ოცდაექვსი“ უშანსოდ დატოვა და 5-0 იმარჯვა. მნიშვნელოვანი იყო გიორგი კორიფაძის კონტრიბუცია ამ გამარჯვებაში, რომლის სახელზეც სამი გოლია.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო ლიგას, „Everstone”-სა და „მშრალი პორტის“ დაპირისპირება გოლის გარეშე დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც „ევერსტოუნმა“ მეტოქე 4-2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
½ ფინალის მეორე წყვილსაც გაუჭირდა ძირითად დროში გოლების გატანა. „TBC უზბეკეთმა“ მე-16 წუთზე ბექა უგრეხელიძის ერთადერთი გოლით „Melo`s Dispatch” დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
3 მაისს ოლიმპიურ სასახლეში მეგობრობის თასის ერთი შეხვედრაც გაიმართა. McGill-მა G.B.A.-ს სანახაობრივ დაპირისპირებაში 4-3 სძლია და ¼ ფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშში პირველი „ადვოკატები“ დაწინაურდნენ, „იურისტებმა“ მიჯრით ოთხი გოლის გატანა მოახერხეს და გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვეს. შეხვედრის უკანასკნელ ოთხ წუთში G.B.A.-მ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ წონასწორობის აღდგენა ვერ მოასწრო და თასის გათამაშებას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ მეგობრობის თასზე საკვალიფიკაციო ლიგის და გრანდ ლიგის ყველა გუნდი იღებს მონაწილეობას.
გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის ფინალური შეხვედრები 7 ივნისს გაიმართება.




