ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში პლეიოფური ეტაპი სტარტს იღებს!

ყველა სიახლე
29 აპრილი 2026

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში პლეიოფური ეტაპი სტარტს იღებს!

მოგეხსენებათ, 24 აპრილს ახალგაზრდული ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა, რის შემდეგაც ცნობილია 1/4 ფინალური ეტაპის ყველა წყვილი.

საპლეიოფო მატჩები 30 აპრილს დაიწყება და 1/4 ფინალის ოთხივე მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, იქამდე კი, გავეცნოთ გუნდების განვლილ გზას რეგულარულ სეზონში.

სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი "SL ACADEMY 2"-მა დაიკავა, შესაბამისად გუნდი 1/4 ფინალში მე-8 ადგილოსან "კომაროვს" დაუპირისპირდება.

"სასკოლო ლიგის აკადემია 2"-მა  ჩატარებულ 14 შეხვედრაში 34 ქულის დაგროვება მოახერხა. გუნდმა 11 მატჩის მოგება შეძლო, 1 ფრედ ითამაშა, 2 კი წააგო.

მეტოქეების კარში 99 ბურთის გატანა მოახერხეს, 51 კი საკუთარ კარში მიიღეს - საუკეთესო შედეგი ორივე კომპონენტში.

"აკადემიელების" საუკეთესო გამტანი ტოლიკ კოდალაშვილია, რომელსაც 8 თამაშში 18 გოლი აქვს გატანილი. საუკეთესო მეპასე კი აკაკი ჯეჯეია გახლავთ, 12 ჩატარებულ შეხვედრაში 9 საგოლე გადაცემით.

"კომაროვმა" ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა, 14 ტურში კი 4 ქულის დაგროვება მოახერხა.,

1 მოგება, 1 ფრე და 12 მარცხი. გატანილი 45 გოლი, გაშვებული კი 78.

გუნდში ყველაზე მეტი 9 გოლი გუნდის კაპიტანს, დემეტრე კუხალაშვილს აქვს გატანილი. 9 გოლთან ერთად კუხალაშვილის ანგარიშზე 4 შედეგიანი გადაცემაცაა.

რეგულარულ სეზონში გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება "აკადემიას" დარჩა - 8:2, 4:7.

"მცხეთის პირველი საჯარო სკოლა" VS "ბაქსვუდის სკოლა" - მე-2 და მე-7 ადგილზე გასული გუნდები 1/4 ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ.

"მცხეთელებისთვის" მიმდინარე სეზონი ახალგაზრდულ ლიგაში სადებიუტო გამოდგა და ამასთან ერთად წარმატებულიც. გუნდმა 14 ტურში 32 ქულის აღება მოახერხა და პირველ ადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა.

10 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება. გატანილი - 76, გაშვებული - 62.

გუნდის ბომბარდირი 31 გოლით დაჩი კაპანაძეა, საუკეთესო შედეგი ლიგაში ლევან ბენდელიანის (41) შემდეგ.

საუკეთესო მეპასე კი ალექსანდრე მარჩენკოა, რომელსაც ჩატარებულ 14 შეხვედრაში 16 ასისტი აქვს დაგროვებული.

რაც შეეხებათ "ბაქსვუდელებს", გუნდმა მე-7 პოზიცია 14 ქულით დაიკავა. 4 მოგება, 2 ფრე და 8 მარცხი.

გატანილი - 42, გაშვებული - 56.

გუნდის საუკეთესო გამტანი კონსტანტინე სამუშიაა, რომელსაც 12 გოლი აქვს აქტივში. ასისტების კუთხით კი ლუკა თანდილაშვილი გამოირჩევა - 9 საგოლე გადაცემა.

ურთიერთშეხვედრებში უკეთესი სტატისტიკა "მცხეთას" აქვს, 2 მატჩი და 2 მოგება.

"გრანდ ავლაბარი 2" VS "ქვემო ქართლი".

მე-3 და მე-6 ადგილოსნები ნახევარფინალში გასასვლელად ერთმანეთს შეებრძოლებიან.

"ავლაბრელებმა" ჩატარებულ 14 შეხვედრაში 22 ქულა მოაგროვეს და მე-3 პოზიცია დაიკავეს. გუნდმა 84 გოლი გაიტანა ( მეორე საუკეთესო შედეგი) და 67 საკუთარ კარში მიიღო.

6 შეხვედრის მოგება მოახერხეს, 4 ფრედ ითამაშეს, 4 შემთვხვევაში კი დამარცხდნენ. გუნდში ყველაზე მეტი გიორგი არაბულს აქვს გატანილი - 16 გოლი (10 თამაში) . 8 საგოლე გადაცემით კი ილია ნუცუბიძე გამოირჩევა (9 თამაში).

რაც შეეხება "ქვემო ქართლს", სადებიუტო სეზონში გუნდმა 15 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციას დასჯერდა.

4 მოგება, 3 ფრე და 7 მარცხი. გატანილი - 61, გაშვებული - 71.

გუნდის ბომბარდირი ლადო ჩიმაკაძეა, რომელსაც 9 ჩატარებულ შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი. საუკეთესო მეპასე კი ლუკა გიორბელიაძეა - 11 ასისტი.

რეგულარულ სეზონში გუნდების გზა 2-ჯერ გადაიკვეთა, გამარჯვებული კი ვერცერთ შემთხვევაში გამოვლინდა. 2 მატჩი, 2 ფრე.

"ლოგოსი" VS "UG SCHOOL" - ცხრილში "მეზობელი" გუნდების გზა 1/4 ფინალში გადაიკვეთება.

მე-4 ადგილზე გასულმა "ლოგოსმა" 22 ქულა მოაგროვა. გაიტანა 72 გოლი, 69 კი უკან მიიღო.

6 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი.

ბომბარდირთა დავას, მსგავსად გასული სეზონისა ლევან ბენდელიანი ლიდერობს. "ლოგოსის" 8-იანს 12 შეხვედრაში 41 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია.

"ლოგოსში" საუკეთესო მეპასე ოთარ ქარჩავაა, რომელსაც 17 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

"იუჯი სკოლისთვის" მსგავსად ზემოთ ხსენებული გუნდებისა ეს სეზონი სადებიუტოა.

"სკოლის ბიჭებმა" 14 შეხვედრაში 15 ქულა აიღეს.

4 მოგება, 3 ფრე, 7 მარცხი. გატანილი - 49, გაშვებული - 74.

გუნდის ბომბარდირი 8 გოლით ცოტნე ლალიაშვილია. 11 ასისტით კი ალექსანდრე კარბაია, გუნდის კაპიტანი გამოირჩევა.

ჩატარებული 2 თამაშიდან ერთში გამარჯვება "ლოგოსმა" მოახერხა, ერთი კი "იუჯიმ" მოიგო.

გუნდები ნახევარფინალში გასასვლელად 2 მოგებამდე იბრძოლებენ. საპლეიოფო სერია 30 აპრილს, 14:00 საათზე დაიწყება და მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2026