ფუტსალის ლიგა 3-ში „თსუ 2“-ს ხუთ მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს!
ყველა სიახლე
25 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის შეხვედრები გაიმართა.
მე-17 ტურში „თსუ 2“ „BSC”-ს შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 10:5.
სანახაობრივი პირველი ტაიმი 7:4 ანგარიშით დასრულდა. მოპოვებული უპირატესობა „თესეუელებმა“ მეორე პერიოდში კიდევ უფრო გაზარდეს. 25-ე წუთისთვის გუნდი 9:4-ს იგებდა.
მატჩის საბოლოო გოლი კი „უნივერსიტეტელების“ კარის დარაჯმა, საბა კვაჭაძემ გაიტანა.
ს.ა. – 10:5.
„თსუ 2“-მა ცხრილში უშუალო კონკურენტი დაამარცხა და 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შათირიშვილი დასახელდა.
„დუშეთი“ VS „ილიაუნი“ – 3:3.
დაძაბული დაპირისპირება, სადაც გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.
მსგავსად წინა შეხვედრისა, ამ შემთხვევაშიც ცხრილში „მეზობელი“ გუნდების მატჩი ვიხილეთ. ანგარიში „ილიაუნმა“ ვახტანგ ტალახაძის გოლით გახსნა, რასაც რამდენიმე წამში გიორგი ლაგაზაშვილის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა - 1:1.
ანგარიშის გათანაბრებიდან უმალვე გიორგი ბიბილეიშვილმა „ილიაუნი“ კვლავ დააწინაურა - 1:2. მე-15 წუთზე გიორგი ნოზაძემ მოახერხა გატანა და გუნდები შესვენებაზე 1:3 ანგარიშით გავიდნენ.
მეორე 20 წუთში „დუშელებმა“ 2 ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს. ჯერ 23-ე წუთზე გიორგი არაბულმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 36-ე წუთზე ნიკა კუპრავიშვილმა გაათანაბრა - 3:3.
მიუხედავად ბევრი მომენტისა, მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
სატურნირო ცხრილში „ილიაუნი“ 29 ქულით მე-2 ადგილზეა, „დუშელები“ კი მე-3 ადგილს 25 ქულით იკავებენ.
„SL ACADEMY” VS „EU” – 3:2
ამირან ცხრომარიას შეგირდებმა „ევროპის უნივერსიტეტს“ სძლიეს და მნიშვლენოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
პირველი გოლის გატანა „EU”-ს რიგებიდან აჰმედ ჯამალმა მოახერხა. გაშვებული გოლის შემდეგ „აკადემია“ მეტად შემტევი გახდა, შედეგად ტოლიკ კოდალაშვილმა დუბლი შეასრულა და გუნდმა ტაიმი მოიგო - 2:1.
მეორე ტაიმის სტარტზე „უნივერსიტეტის გუნდმა“ ვახტანგ კუსიანის გოლით გაათანაბრეს - 2:2.
თამაშის მსვლელობა კიდევ მეტად დაიძაბა, 15 წუთი გოლის გარეშე გავიდა. 35-ე წუთზე კი ტოლიკა კოდალაშვილი ჰეთრიქს იფორმებს და გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლი გააქვს - 3:2!
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტოლიკა კოდალაშვილი იქნა დასახელებული.
„SL ACADEMY“ მე-9 პოზიციას 14 ქულით იკავებს და „გრანდ ავლაბართან“ ერთად პლეიოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.
რაც შეეხება „ევროპის უნივერსიტეტს“, ბოლო ტურის წინ გუნდს 25 ქულა აქვს დაგროვებული (იმდენივე რამდენიც „დუშეთს“) და მე-4 ადგილზეა.
ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი, მე-18 ტური 1 და 3 მაისს გაიამართება.

