ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულებულია!
ყველა სიახლე
24 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი, მე-14 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.
დღის პირველი დაპირსპირება „კომაროვსა“ და „ბაქსვუდის სკოლა“-ს შორის შედგა.
ანგარიში ალიკ სარქისიანმა ძლიერი დარტყმის შედეგად გახსნა, რასაც პირველივე ნახევარში კონსტანინე სამუშიას გოლი მოჰყვა და „ბაქსვუდელებმა“ ტაიმი 0:2 იმარჯვეს. მეორე ნახევარში „კომაროვი“ მეტად გააქტიურდა, შედეგად გუნდმა 36-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა.
მატჩში „ინტრიგა“ დაბრუნდა, თუმცა ბოლო წუთზე ალიკ სარქისიანმა დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 3 ქულა გაუფორმა.
MVP - ალიკ სარქისიანი.
„ბაქსვუდის სკოლა“-მ რეგულარული სეზონი მე-7 პოზიციაზე, 14 ქულით დაასრულა.
„კომაროვმა“ ცხრილში ბოლო პოზიცია 4 ქულით დაიკავა.
თავისი შეხვედრა მოიგეს „მცხეთელებმა“, რომლებიც „ქვემო ქართლს“ დაუპირისპირდნენ. პირველი ნახევარი 4:2 ანგარიშით დასრულდა. პირველ 20 წუთში დაჩი კაპანაძემ დუბლი შეასრულა, ალექსანდრე მარჩენკომ და გიორგი ნონეშვილმა კი თითო გოლი გაიტანეს.
„ქართლელების“ რიგებიდან დუბლით თავი ლადო ჩიმაკაძემ იჩინა. მეორე ტაიმის 24-ე წუთზე ბაჩო რეხვიაშვილმა სხვაობა 1-მდე შეამცირა, მაგრამ მალევე კაპანაძემ ჰეთრიქი გაიფორმა და გუნდს 2 ბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა - 5:3.
თამაშის ბოლო გოლი მიხეილ ჩალათაშვილის ანგარიშზეა და შეხვედრაშიც აღარაფერი დარჩა გასარკვევი - 6:3.
MVP - დაჩი კაპანაძე.
„მცხეთის პირველმა საჯარო სკოლამ“ ცხრილში მეორე ადგილი 32 ქულით დაიკავა. „ქვემო ქართლი“ კი მე-6 ადგილს 15 ქულით დასჯერდა.
„გრანდ ავლაბარი 2“ VS „UG SCHOOL” – 7:4.
თამაშის პირველი პერიოდი „იუჯი სკოლის“ გამოდგა, გუნდმა 0:2 იმარჯვა და შესვენებაზე 2 ბურთიანი უპირატესობით გავიდა. 23-ე წუთისთვის „ავლაბრელებმა“ ანგარიშში წონასწორობა აღადგინეს - 2:2.
31-ე წუთზე დავით ზანგალაძის გოლით წინ გასვლაც მოახერხეს - 3:2.
1 წუთიან მონაკვეთში ლიდერი კვლავ შეიცვალა, ნიკოლოზ ბოკერიამ და მიხეილ ტონოიანმა „იუჯი“ კიდევ ერთხელ დააწინაურეს - 3:4.
თამაშის ბოლო ხუთმა წუთმა სრულად „ავლაბრის“ უპირატესობით ჩაიარა, გუნდმა 4 გოლი გაიტანა და რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულეს.
ს.ა. – 7:4.
MVP - გიორგი ბაბაიანი.
ტურის დასკვნით მატჩში „SL ACADEMY 2” „ლოგოსს“ შეხვდა და მოწინააღმდეგე 6:2 დაამარცხა. „აკადემიელებმა“ მიჯრით 4 გოლი გაიტანეს და პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა მოიპოვეს.
„ლოგოსიდან“ თავი ტურნირის საუკეთესო გამტანმა, ლევან ბენდელიანმა იჩინა - 4:1.
დარჩენილ დროში „სასკოლოს“ მოთამაშეებმა კიდევ 2 გაიტანეს და რეგულარული სეზონის ჩემპიონობა გაიფორმეს.
ს.ა. – 6:2.
ახალგაზრდული ლიგის პლეიოფური ეტაპი 30 აპრილს დაიწყება.
¼ ფინალის ოთხივე შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

